იყო მოსაზრება, რომ ფრანკფურტში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ „ნაპოლი” ემპოლიში დაღლილი ჩავიდოდა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისევ გაიმარჯვა — 2:0. „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად მატჩის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელა. გთავაზობთ იტალიური გაზეთის მოსაზრებას:
უდრეკი ოსიმენი
სიტყვები უძლურია. ის თავს არასდროს ზოგავს, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებს. თამაშის ბედი მაშინ გადაწყდა, როდესაც მან პირველ 28 წუთში მეტოქეს ჯერ საკუთარ კარში აიძულა გოლის გატანა, შემდეგ კი თავად შეუგდო. მას ზედიზედ მე-8 შეხვედრაა გოლი გააქვს. 24 წლის ნიგერიელი ასაკით მეორეა, ვინც ასეთი რამ შეძლო — მასზე უმცროსი იყო მხოლოდ რობერტო მუცი, რომელმაც 1995 წელს „კალიარის” შემადგენლობაში 23 წლისამ გააკეთა იგივე. სერია A-ს ბომბარდირთა ლიდერს უკვე 19 გოლი აქვს გატანილი. მან მოედანი 84-ე წუთზე დატოვა და გასვლის წინ ისევ ჰქონდა აქტიურობის ძალა. ოსიმენს ტაში თვით ლუჩანო სპალეტიმ დაუკრა.
კვარაცხელიას წყვილი ასისტი და დახატული ფეხბურთი
ის ფეხბურთს ხატავს — შთამბეჭდავად და ბუნებრივად. მისთვის თითქოს ყველაფერი ადვილია. კვარამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ჯერ იყო და ჟელინსკის მიაწოდა ბურთი, რასაც შემდეგ ისმაილის ავტოგოლი მოჰყვა, მერე კი ვიკარიომ მისი დარტყმული მოიგერია და სწორედ ამ მოგერიებულს დაამატა ოსიმენმა. ერთ ეპიზოდში ის თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რისთვისაც სპალეტისგან ინგლისურად საყვედური მიიღო — Kvara, you see the line ანუ კვარა, თამაშგარის ხაზს დააკვირდი, — მაგრამ სპალეტი ხომ ყოველთვის უკმაყოფილოა. მეორე ტაიმში იმდენად აქტიური აღარ იყო, სული მოითქვა და ეს სრულიად ნორმალურია.
კიმმა კინაღამ გაიტანა: ნამდვილი ბურჯია
შეუვალია. და ვინაიდან „კასტელანიზე” დაცვაში მაინცდამაინც ბევრი საქმე არ ჰქონია, თავის გამოჩენა გოლის გატანით სცადა: მის ფაქტობრივად სრულყოფილი თავური ძელმა აისხლიტა.
ლოსანო ზაზუნაა
ის პოლიტანოს ამჯობინეს და მექსიკელმაც განა მხოლოდ უშუალო მეურვე პარიზი გააწამა, სხვებსაც გაუმწარა ცხოვრება. ის მეტოქე გუნდში პანიკას თესავს. როდესაც ტურბოს რთავს, შეუდარებელია.
დი ლორენცო, ყველა საქმის ოსტატი: მნიშვნელოვანი ფიგურა
ნამდვილი კაპიტნის კიდევ ერთი თამაში. ის ჩვეულებრივი განაპირა მცველი არ არის. მან თავის წარმოდგენებს უკვე ყველა მიაჩვია. სპალეტიმ დი ლორენცო არაფრის დიდებით არ დათმო და ეს უფასდება კიდეც. ასეთი დი ლორენცო ნაკრების მწვრთნელ მანჩინისაც აჭყეტინებს თვალებს.
ლობოტკა ძრავია, რომელიც არასდროს ირთვება
ნახევარდაცვის ჩვეულებრივი ძრავია. ის სპალეტის ხელში ხელახლა დაიბადა, ხოლო ლობოტკას ხელში „ნაპოლი” არასდროს აკლებს ბრუნებს. სლოვაკი გარანტიაა.
მარიო რუის წითელი აჩვენეს: ერთადერთი იმედგაცრუება ის იყო
იმ თერთმეტეულიდან რომელმაც ფრანკფურტში ითამაშა, ერთადერთი ცვლილება ოლივერას ნაცვლად მარიო რუის გამოჩენა იყო. მას პირველ ტაიმში ბევრჯერ ეუხეშნენ, მაგრამ პორტუგალიელმა ხმა არ ამოიღო. მეორე ტაიმში კი როგორც ჩანს ძალიან განერვიულდა, რადგან კაპუტოს ფეხი მისცხო. ზოგადად მარიო რუი იყო უსარგებლო და „ნაპოლის” საქმე გაურთულა. გუნდის ერთადერთი ჩავარდნა ის იყო.
სპალეტი, როგორც ოსკაროსანი რეჟისორი
ყოველდღიური საქმეების მართვა მისთვის პრობლემა არ არის. ის კვლავ ენდო შემადგენლობას, რომლითაც ფრანკფურტში გაიმარჯვა — 11 ფეხბურთელიდან 10 მოედანზე დატოვა და დაამტკიცა, რომ გუნდი სულაც არ იყო დაღლილი. მისი „ნაპოლი” არის იდეალური მანქანა, რომელსაც ამ გიჟურ სეზონში მომდევნო გამარჯვების მოსაპოვებლად ნახევარი საათი სჭირდება. სპალეტი ყოველთვის უკმაყოფილოა, ყველას რაღაცას საყვედურობს, განსაკუთრებით კვარაცხელიას, თანაც ინგლისურად. მისი გუნდი „ინტერს” 18 ქულით რომ გაუსწრებს, მწვრთნელს მაინც მხოლოდ რამდენიმე წამი სძინავს. მოკლედ, „ნაპოლის” თავისი ჩემპიონატი აქვს. „აძურის” გულშემატკივრები მარჩიელობენ ასეთი ტემპით რომელ ტურში გახდება მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონი. ვინ არის მისი გამჩერებელი? გასულ სეზონში, ემპოლიში „ნაპოლი” მე-80 წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ 2:3 წააგო და ჩემპიონობაზე ოცნებას დაემშვიდობა. წლეულს სულ სხვა ისტორიაა.