გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო. „ღამურებმა” შინ დაამარცხეს მესამე ადგილზე” მყოფი „რეალ სოსიედადი” – 1:0. სტუმართა ნახევარმცველის იგორ სუბელდიას მიერ საკუთარ კარში შეგდებული გოლის შედეგად „ვალენსია” ბოლოსწინა ადგილიდან მეჩვიდმეტეზე გადავიდა, „რეალს სოსიედადს” კი პოზიცია არ შეუცვლია.

„ჩეებმა” უწინდელზე უკეთ ითამაშეს და ეს ქართველი მეკარის დატვირთვაზეც აისახა. გიორგი აღარ იყო ის დაუფასებელი გმირი, რომელიც აქეთ-იქით ხტომისგან წელში წყდება, გუნდს დიდი ანგარიშით წაგებისგან იხსნის, მაგრამ დაცვის სისუსტის გამო მაინც მარცხდება. ერთადერთი მომენტი, რომელშიც ის თავისი ცნობილი რეაქციით ჩაერია ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. ბოლოს იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც ჩაკიდებულ ბურთზე გამოვიდა ჩინებულად, სხვა მხრივ კი ძირითადად მიგორებული თუ კარის ხაზს მიღმა გადასული ბურთების თამაშში შეყვანით იყო დაკავებული, რაც სიახლეა. ჯენარო გატუზოს დროს მას ძველი ლიბეროსავით მცველებთან ბურთის მოკლე პასებით გათამაშება მოეთხოვებოდა, ხოლო რუბენ ბარახას ხელში ძლიერი დარტყმით ბურთის თანაგუნდელებისთვის წინ მიწოდებას თხოვენ. ერთი სიტყვით, გიოს ნაირ-ნაირი პრაქტიკა არ აკლია.

„მარკა” ერთგვარი ირონიით აღნიშნავს, რომ სურათი, რომელიც „მესტალიაზე” შეხვედრის დასრულების მერე ვიხილეთ, უფრო ბოლო ტურს შეეფერებოდა, ვიდრე თებერვლის თამაშს. ვალენსიელები, რომელთაც 107 დღე არ მოეგოთ, ემოციისგან დაიცალნენ — ზოგი მოედანზე დაეზღერთა, ზოგს ცრემლი მოადგა. ეს გახლდათ ახალი მწვრთნელის დებიუტი „მესტალიაზე”.

„ჩვენ ვიცოდით, რომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდებოდა. ასე ვაპირებთ გაგრძელებას. გამარჯვებაში ყველამ დიდი წვლილი შეიტანა. ყველამ მოინდომა, რომ ნეგატიურ დინამიკას შებრძოლებოდა და დადებითისკენ შემოეტრიალებინა”, — თქვა ბარახამ.

სტადიონის გარეთ კი კვლავ მიმდინარეობდა მძლავრი საპროტესტო აქცია კლუბის სინგაპურელი მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ.