გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” დღეს „რეალ სოსიედადს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ახალი მწვრთნელის რუბენ ბარახას პირველი მატჩი „მესტალიაზე”. „ღამურების” მდგომარეობა მძიმეა. ისინი 22 ტურის შემდეგ ბოლოსწინა მე-19 ადგილზე არიან, „რეალ სოსიედადი” კი მესამეზეა. „ვალენსიას” მდგომარეობას ტრავმებიც ამძიმებს. ბასკებთან გუნდს ვერ დაეხმარებიან ხოსე გაია, ედინსონ კავანი, ნიკო და მარკოს ანდრე, მაგრამ სტატისტიკოსები ამბობენ, რომ სეზონის დამთავრებამდე ჯერ დიდი დროა და „ჩეები” გავარდნას შეიძლება გადაურჩნენ.
კერძოდ, თუკი ესპანური ფეხბურთის ბოლო პერიოდს გავაანალიზებთ, მას მერე, რაც მოგებაზე სამი ქულა ირიცხება და პრიმერა დივიზიონში 20 მონაწილეა, ვნახავთ, რომ იმ 25 გუნდიდან, რომლებიც 22-ე ტურის შემდეგ მე-19 ადგილზე იყვნენ, 15 არ გავარდა. გამოდის, რომ 10 გავარდნილა. ასეთი გახლდათ მაგალითად „რაიო ვალეკანო”, რომელმაც 2002-03 წლებში 22-ე ტურისთვის დაგროვებულ 22 ქულას დარჩენილ შეხვედრებში მხოლოდ 10 შემატა. იმ წელიწადს გადარჩენილთაგან ყველაზე ნაკლები დააგროვა „ესპანიოლმა” — 43. ვალენსიელთა დღევანდელი მეტოქე, „რეალ სოსიედადი” 2006-07 წლებში 23-ე ტურს 14 ქულით შეხვდა და ჩემპიონატი 35 ქულით ჩაამთავრა, მაგრამ ეს არ ეყო. იმ სეზონში ბოლო ვინც გადარჩა გახლდათ „ბილბაო”, 40 ქულით. დაახლოებით ასეთივე ისტორია შეემთხვა „ვალიადოლიდს”, რომელსაც 2009-10 წლებში 22 ტურის შემდეგ 19 ქულა ჰქონდა. საბოლოოდ ის 36 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა, მაგრამ „მალაგამ” ერთით მეტი დააგროვა და ის გახდა გადარჩენილთა შორის ყველაზე დაბალქულიანი.
ყველას ჩამოთვლას არ შევუდგებით, უბრალოდ ვიტყვით, რომ დღეს „ვალენსიას” 20 ქულა აქვს და ერთადერთი გუნდი, რომელსაც ზემოთ ნახსენებ ათს შორის მასზე მეტი ჰქონდა მონაგარი და მაინც გავარდა იყო „რაიო”, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.
საინტერესოა, რომ 1997-დან 2013 წლამდე გავარდნას მეტწილად გადაურჩებოდნენ ხოლმე გუნდები, რომლებიც 40 და მეტ ქულას აგროვებდნენ (ყველაზე მეტის დაგროვება დასჭირდა „მალიორკას” 2010-11 წლების სეზონში — 44), ბოლო წლებში კი ეს რიცხვი შემცირდა. ბოლო 8 ჩემპიონატში ორად ორი შემთხვევა იყო, როდესაც გუნდს გადარჩენისთვის 40 ქულაზე მეტი დასჭირდა — „ლეგანესი” (2017-18, 43) და „სელტა” (2018-19, 41). დანარჩენ გადარჩენილებს ნაკლები ეყოთ.
მას მერე, რაც ესპანეთის ჩემპიონატში მოგებაზე 3 ქულა იწერება და შეჯიბრებაში 20 გუნდი მონაწილეობს, მე-17 ადგილზე გასვლას საშუალოდ 38,9 ქულა სჭირდება.