ევროპულ ფეხბურთში მეტეორივით შეჭრილი ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელთა შორის ადგილის დამკვიდრებას განაგრძობს. ამ ეტაპისთვის ის დრიბლინგების რაოდენობით ევროპაში მეხუთეა.
„როდესაც გავაცნობიერე, რომ ასეთ მაღალ დონეზე მომიწევდა თამაში, შეხვედრებისთვის სხვანაირად დავიწყე მომზადება, — უთხრა „ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა უეფას ჟურნალისტს, — ვფიქრობ, გამოწვევას კარგად გავუმკლავდი და ადაპტაცია სწრაფად გავიარე.
კვარადონა? ასეთ დიდ ფეხბურთელთან შედარება მახარებს.
ნეაპოლის ქუჩებში ხშირად არ გავდივარ, მაგრამ როდესაც მიწევს და მანქანიდან გადმოვდივარ, ვგრძნობ, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს.
ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ჩემპიონთა ლიგაში მომიწევდა თამაში, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, „ნაპოლის” წევრი ვიქნებოდი და სერია A-ში ვითამაშებდი, ოცნების ახდენას ჰგავდა”, — თქვა კვარაცხელიამ.
დრიბლინგების რაოდენობაში კი „რეალის” ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი ლიდერობს, რომელსაც 46 დრიბლინგი შეუსრულებია. მეორე ადგილზე 42 გარღვევით არის „მილანის” პორტუგალიელი გარემარბი რაფაელ ლეაო, პარიზელ კილიან მბაპესა და ბარსელონელ ოსმან დემბელეს 39 დრიბლინგი აქვთ, ხოლო ხვიჩა 34 დრიბლინგით მეხუთე ადგილზეა.