„ჩემთვის ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მომიწევდა თამაში. მეტიც, ის ფაქტი, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელი ვიქნებოდი და სერია A-ში ვითამაშებდი, ოცნების ახდენას ჰგავდა”, — ვინ იცის მერამდენედ აუხსნა ხვიჩა კვარაცხელიამ სიყვარული „ნაპოლის”, გუნდს, რომლის წყალობითაც ის დიდ ფეხბურთს ეზიარა. ამჯერად მან ეს uefa.com-ის მიკროფონების წინ გააკეთა.
„როდესაც ყველაფერი გავაანალიზე და გავიაზრე, რომ „ამ დონეზე” მომიწევდა თამაში, ჩემს თავს ვუთხარი, რომ მატჩებისთვის უკვე სხვანაირად უნდა მოვმზადებულიყავი და სხვანაირი მუშაობის განწყობა უნდა შემექმნა. ვფიქრობ, გამოწვევებს კარგად გავართვი თავი და ადაპტაცია სწრაფად გავიარე”.
სერია A-ს შესახებ: ის განსხვავდება იმ ლიგებისგან, სადაც მითამაშია. აქ არიან ტექნიკური, სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც ჩინებულად მოქმედებენ როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. ყველაზე დიდი სხვაობა კი ალბათ მაინც თამაშის ტემპია.
ყველა კვარადონას გეძახით: თავიდან ვერ ვიჯერებდი, ჩემს სახელს ასეთი კალიბრის ფეხბურთელთან რომ აკავშირებდნენ. ასეთ რაღაცას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ამ ამბავმა ძალიან წამახალისა კიდეც. არ ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა, მადლობა მეთქვა თუ სხვა რაღაც გამეკეთებინა. ახლა, თანდათანობით შევეჩვიე და უნდა გითხრათ, რომ ასეთ ფეხბურთელთან შედარება მახარებს. ეს დაუჯერებელია.
ნაპოლის ფანების შესახებ: ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. ქუჩაში ხშირად არ გავდივარ, მაგრამ როდესაც მიწევს და მანქანიდან გადმოვდივარ, ვხვდები, რომ ქალაქი ფეხბურთით სუნთქავს. მათ უყვართ ფეხბურთი, ისინი აღმერთებენ მარადონას, რომელიც ამ ქალაქში საითაც გაიხედავ ყველგან არის: ტაქსის შუშებზე თუ მრავალ სხვა ადგილას. ამას რომ უყურებ, ამბობ: ის აქ ღმერთია.
მამის, ბადრის თანადგომა: ის მუდამ გვერდში მიდგას. მამა სიამოვნებით მაძლევს რჩევებს ყოველი თამაშის შემდეგ. მისი რჩევები სასარგებლოა, მათ ჩემს განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს. მეორე მხრივ, ვარჯიშებზე დედას დავყავდი და ბოლომდე მელოდებოდა. მშობლებმა ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშეს.
ბათუმის დინამოს შესახებ: ბათუმში გატარებულმა ორმა თვემ დაკარგული ენერგიის აღდგენის საშუალება მომცა. სტადიონზე მოსული ხალხი საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა. მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ბათუმის დინამოსა და მისი ხელმძღვანელების. მინდა მათ მადლობა გადავუხადო. იგრძნობოდა, რომ ხალხს ერთი სული ჰქონდა ტრიბუნები შეევსო. ასეთი ატმოსფერო ქართულ ფეხბურთს დიდი ხანი აკლდა. გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ძნელია მოტივაციის პოვნა. საქართველოს ჩემპიონატში ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომელთაც შეუძლიათ განვითარდნენ. მე ყველას ვთავაზობ, ჩავიდნენ საქართველოში და დაესწრონ დინამოს თამაშებს, დაეხმარონ მას. გულშემატკივრის მხარდაჭერა კი სადაც გინდა თამაშობდე, ყველგან მნიშვნელოვანია.
ადრეულ პერიოდზე: 2011 წელს დავიწყე. „დინამოს” აკადემიას ანდრეს კარასკო ხელმძღვანელობს. ის დიდად დამეხმარა. ჩემს მიმართ ყოველთვის კეთილად იყო განწყობილი, ნამდვილი პროფესიონალია. თუმცა, ყოველდღე, ვარჯიშების შემდეგ 3-4 საათი ისევ ფეხბურთს ვთამაშობდი. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდებოდი, რადგან ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, გზის გაკვალვა ადვილი არ არის. დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში ვთამაშობ და ბედნიერი ვარ.
რატომ 77? ნომერი მე და ჩემმა აგენტმა ავირჩიეთ. მამუკა ჯუღელს აგენტს არასდროს ვეძახი. ის უფრო ჩემი ოჯახის წევრია. მე მას 14 წლის ასაკიდან ვიცნობ და ნომერს ყოველთვის ერთად ვირჩევდით. ჩემი საყვარელი ციფრი არის 7. ამიტომაც ავირჩიეთ 77.
თავისუფალ დროს რას აკეთებთ? ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, მაგრამ როდესაც ჩამივარდება ხოლმე, ვისვენებ, მეგობრებთან ვლაპარაკობ, წიგნებს ვკითხულობ ან კინოებს ვუყურებ. ჩემი საყვარელი სერიალია „გაქცევა ციხიდან”, რომელსაც აგრ უკვე მესამედ ვუყურებ. ამასწინათ დავამთავრე „უცნაური ამბების” ბოლო სეზონი.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

