ორშაბათს „ხეტაფესთან” დამარცხების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ცხრილში მე-19 ადგილზეა და 1986 წლის შემდეგ პირველად პრიმერა დივიზიონიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას. ცნობილი ამბავია, რომ ამაში გულშემატკივრები კლუბის სინგაპურელ მეპატრონეს, პიტერ ლიმს ადანაშაულებენ.
ორი კვირის წინ, „ბილბაოსთან” შეხვედრის პირველი ოცი წუთის განმავლობაში „მესტალიას” ტრიბუნები ფაქტობრივად ცარიელი იყო, რადგან ქომაგებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და სტადიონის გარეთ იდგნენ. ისინი ლიმის და მასთან ერთად აღმასრულებელი დირექტორის ლაიჰუნ ჩანის წასვლას ითხოვდნენ.
საინტერესოა, რომ ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „ვალენსიას” მეპატრონეებს მხარი დაუჭირა, მთავარი ოპოზიციონერი, მიგელ სორიო კი შეუვალია. სორიო ხელმძღვანელობს მოძრაობას რომელსაც ჰქვია ანტი-ლიმი და მან ამას წინათ Superdeporte-ს ლიმისა და ჩანის შესახებ ანონიმური წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდა.
ამ ცნობის თანახმად „ვალენსიას” პირველი გუნდის ფეხბურთელები, მათ შორის სავარაუდოდ მამარდაშვილიც, ხელფასებს რეგულარულად ვერ იღებენ, ჩანი კი კლუბის მიერ ნაყიდ მდიდრულ სახლში ცხოვრობს.
ეს ცნობა ემატება ადრე არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბის გაყიდვის დროს კანონს გვერდი აუარეს, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ანილ მურთი დამალულ ფულს იჯიბავდა და ასევე შავ ფულს უხდიდნენ ყოფილ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს.
თუ გუნდი სეგუნდა დივიზიონში გავარდება, ვალენსიაში არეულობაა მოსალოდნელი.