დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ფრანკფურტში, „აინტრახტს” ხვდება. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე გერმანული გუნდის მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა თქვა:
„ჩვენი თავდაპირველი მიზანი მერვედფინალში გასვლა იყო. ახლა დიდებულ გუნდს „ნაპოლის” ვხვდებით. ახალი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. კარგად ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია „ნაპოლი”, მაგრამ არც ჩვენ ჩამოვუვარდებით. ხვალ მოედანზე იქნება ორი ჩინებულ ფორმაში მყოფი გუნდი. იქნება საუცხოო მინდორი და ბევრი გულშემატკივარი. ჩვენ მოგება გვინდა.
მეტოქის ანალიზს დიდი დრო დავუთმე. ჯერ კიდევ საშობაო არდადეგებამდე ჩავუჯექი. „ნაპოლიზე” აგერ უკვე თვეებია, რაც ვფიქრობთ. კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელის მიმართ კი არ უნდა ვიყოთ ყურადღებით, ყურადღებას სხვებიც მოითხოვენ.
ნეაპოლელებმა ჩინებულად ითამაშეს „ლივერპულთან”, „აიაქსთან” და „რეინჯერსთან”, მაგრამ სუსტი მხარეებიც აქვთ და ეს ჩვენ დაგვეხმარება.
„ნაპოლი” იტალიურ ფეხბურთს არ თამაშობს. პირიქით, ეს გუნდი აგრესიულია, მაღალ პრესინგს მისდევს, ეხერხება კონტრ-პრესინგიც, ამას კი იტალიაში ხშირად ვერ ნახავ. კიმი და რაჰმანიც აგრესიული მცველები არიან. ეს ყველაფერი ერთად აღებული სხვა იტალიური გუნდების თამაშისგან განსხვავდება.
რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ის ტრადიციული იქნება. სებასტიან როდე არ გვეყოლება, მაგრამ სხვა ფეხბურთელები არიან მზად. შემადგენლობას თამაშის დილას ავირჩევთ. ჩვენ ევროთასებზე თამაშის გამოცდილება გვაქვს. ახლა მთავარია ეს მოედანზე ვაჩვენოთ.
ლუჩანო სპალეტის უდიდეს პატივს ვცემ. ყველა გუნდი სადაც ის მივიდა, წარმატებული იყო. ნეაპოლელები ცრუმორწმუნე ხალხია და ნაადრევად არაფერს ამბობენ, მაგრამ მარადონას შემდეგ ისინი ახლა ნამდვილად იმსახურებენ სკუდეტოს. არ ვიცი ახსოვს თუ არა სპალეტის, მაგრამ ის რომ „ზენიტს” ედგა სათავეში, მე „ზალცბურგის” მწვრთნელის ასისტენტი ვიყავი და ერთ-ერთ შეკრებაზე ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. ერთხელ ლიფტში გადამეხვია კიდეც. ეს არასდროს დამავიწყდება. ის დიდებული სპეციალისტია, ჩამოყალიბებული სტრუქტურა აქვს და წარმატებებს აღწევს. მე მომწონს, როგორ აგორებენ მისი გუნდები ბურთს, როგორ იცავს ბალანსს დაცვასა და შეტევას შორის.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” მხოლოდ ორმა გუნდმა დაამარცხა: „ინტერმა” და „ლივერპულმა”. ჩვენ გვინდა მესამე ვიყოთ.