NBA-ში ვარსკვლავების დღე იყო და სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც G ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა. ვარსკვლავებმა თავი იუტაში მოიყარეს. ლუკა გარზას გუნდმა, რომლის ღირსებასაც მამუკელაშვილი იცავდა, სკოტ ჰენდერსონის გუნდს 178:162 სძლია. ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მისი მონაგარი – 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრააა. სანდრომ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა.
ჩვენებური, მატჩამდე, სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსს, თვალს ზედ მოედანიდანვე ადევნებდა და კონკურსანტებს მხურვალედ ქომაგობდა.
მთავარი კი ამის შემდეგ შედგა – ლებრონ ჯეიმსის გუნდი იანის ანტეკოკუმბოს გუნდის წინააღმდეგ. ბერძენი კალათბურთელის კრებულმა 184:175 იმარჯვა.
ყველაზე მეტი ქულა ჯეისონ ტეიტუმმა დააგროვა – ბოსტონელთა სუპერვარსკვლავმა 55 ქულა ჩააგდო და ენტონი დევისის რეკორდი მოხსნა, რომელსაც 2017 წელს 52 ქულა ჰქონდა.
ცხადია, ტეიტუმმა ოლ სტარის მატჩის MVP-წოდება მიიღო, რომელიც კობი ბრაიანტის სახელობისაა. თავად ჯეიმსისთვის ეს მე-19 ოლ-სტარი გახლდათ და ქარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გაიმეორა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლებრონმა აბდულ-ჯაბარის ისტორიული რეკორდი დაამხო, როცა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.