ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ.
41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8 გაფლანგულ ქულად დაუჯდა, ანუ თედო აბჟანდაძეს (3 აცილება) და ლუკა მატკავას (1) მეტად რომ ეჩუბინათ, ანგარიში 49:3 იქნებოდა, ხოლო ყველა სახიფათო შეტევა ლელოთი რომ დასრულებულიყო, ესპანეთს გერმანიაზე ნაკლები დღე არ ელოდა.
პრინციპში, 46-ქულიანი დეფიციტიც მძიმე დარტყმა იქნებოდა ესპანელი „ლომებისთვის“ თუმცა ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. და საკითხავი არის კიდეც.
ესპანეთის ადგილას რომელიმე ბობოლა რომ ყოფილიყო, საქართველოს ნაკრები აუცილებლად დაისჯებოდა. დისციპლინა კვლავ დადგა დღის წესრიგში და ამ კომპონენტზე მუშაობა მთელ შემადგენლობას მართებს. სულაც არ არსებობს იმის გარანტია, რომ სხვა, უფრო ძლიერ მეტოქესთანაც არ მოგვიხდება დამატებითი წნეხის გადატანა.
აქ ირლანდიელი რეფერი ეოგან კროსი იგულისხმება. ეს ახალგაზრდა კაცი პერსპექტიულ სარაგბო მსაჯად კი მიიჩნევა და 20-წლამდელთა „ექვს ერზეც“ უმუშავია, მაგრამ ის, რაც მან ტორელავეგაში აკეთა, არაკომპეტენტურობის ზღვართან ახლოს იყო.
ის მომენტი, როცა მერაბ შარიქაძემ ლამაზი კომბინაცია ლელოთი დააგვირგვინა, თუმცა მანამდე წინ პასი იყო, კროსმა ვერ დაინახა და ვინაიდან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ვიდეორეფერის პრაქტიკა არ მოქმედებს, ეს არ იყო რეფერის ბრალი.
მაგრამ მეორე ტაიმში ეს ახალგაზრდა კაცი უფრო იმით იყო გართული, რომ დროდადრო ზედმეტად ვიწრო შორტებს ისწორებდა და ქართველებს ასინბინებდა. შალვა მამუკაშვილის უნებლიე მაღალი ბოჭვა გასაგები და ნათელი ფოლი იყო, მაგრამ გელა აფრასიძე ხომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გააძევა, სულ მალე კი ყოვლად უდანაშაულო სერგო აბრამიშვილიც გაუშვა სინბინში. ჰოდა ამიტომ მოუწიათ ბორჯღალოსნებს თამაშის ბოლო წუთების 13 კაცის შემადგენლობით ჩამთავრება. გარდა ამისა ეს ბოლო წუთები გუნდს ვერც კაპიტანი შარიქაძე ეხმარებოდა, რომელმაც თამაში სავარაუდოდ ტრავმის გამო დატოვა. ესეც შენი 12 ბორჯღალოსანი „ლომების“ წინააღმდეგ, რომლებმაც ქართულ ჯანს ვერ გაუძლეს და ტრავმებიც ერთი მეორის მიყოლებით მიიღეს, ანუ ისინიც არ იყვნენ სრული შემადგენლობით.
მიუხედავად ამისა, სამკაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა თამაშის პირველივე შესაძლებლობით დასრულება არ ისურვა და საკუთარ თავს ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში გამოცდაც მოუწყო. არაადექვატური რეფერი რომ არა, თამაში კარგი საყურებელი იქნებოდა. ლევან მაისაშვილმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ხშირად არ ესმოდა რეფერის გადაწყვეტილებების…
ასეა თუ ისე, ჩვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს, არც თავი დაზოგეს, არც მეტოქე და 7 საუცხოო ლელოც გაიტანეს.
აკაკი ტაბუცაძემ 2 გარღვევა ამდენივე ლელოთი დაასრულა და ნაკრების ისტორიულ მელელოვეთა ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა. აკას ანგარიშზე 24 ლელოა, ერთით მეტი დავით კაჭარავას და სამით – მამუკა გორგოძეს აქვთ.
თედო აბჟანდაძემ ლელოს 2 გარდასახვა დაურთო და პირადი ანგარიში 322 ქულას გაუტოლა. კიდევ თითო ლელო, როგორც ზემოთ ითქვა, აბჟანდაძემ, შარიქაძემ, ბექა გიგაშვილმა, დავით ნინიაშვილმა და სანდრო თოდუამაც გაიფორმეს და ეს უცნაური ვიწროშორტიანი ირლანდიელი მსაჯი რომ არა, თოდუა დუბლსაც მიითვლიდა, მაგრამ კროსმა გააუქმა და ზედაც საერთოდ უდანაშაულო აბრამიშვილიც გაგვიძევა.
რაც იყო – იყო. მომდევნო უქმეები დასვენებისა იქნება, ხოლო 4 ან 5 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანს უმასპინძლებს, ხოლო თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე კონკრეტულად, გაირკვევა დღეს, პორტუგალიისა და რუმინეთის დაპირისპირებაში.
ჰო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დააწინაურებს. ჩვენი გუნდი იტალიას მე-12 ადგილიდან ჩამოაჩოჩებს და სამართლიანობაც აღდგება!