თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ საბა ლობჟანიძის „ჰათაისფორი“ იმდენად დაზარალდა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ (ისევე, როგორც „გაზიანთეფმა“) თურქეთის სუპერლიგიდან დროებით გასვლის შეახებ გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, ფეხბურთელები სხვა კლუბებში გადანაწილდებიან.
საბა ლობჟანიძე კარიერას სეზონის ბოლომდე იჯარით თურქეთის სუპერლიგის „ქარაგიუმრუქში“ გააგრძელებს, რომელსაც იტალიის ნაკრების, „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო წვრთნის. „ჰათაისფორმა“ და „ქარაგიუმრუქმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
სავარაუდოდ, საბას გადაწყვეტილებაზე იმანაც იმოქმედა, რომ ამ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, ხოლო ცოტა ხნის წინ იქ ვატო არველაძეც თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში საბამ 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება „ქარაგიუმრუქს“, თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-9 პოზიციაზეა.