„მილუოკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულსს“ ესტუმრა და 112:100 დაამარცხა.
გასახარია, რომ სანდრო მამუკელაშვილი პარკეტს ხანგრძლივი დროით დაუბრუნდა. ჩვენებურმა პარკეტზე 20.35 წუთი გაატარა, რაც მილუოკელთა ლიდერის, იანის ანტეკოკუმბოს ტრავმით უნდა იყოს გამოწვეული – ბერძენმა კალათბურთელმა მოედანზე სულ 9 წუთი დაჰყო.
ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებურმა ეს დრო კარგად გამოიყენა. იყო დადებითი და უარყოფითი მომენტებიც: 2 ქულა და ორივე საჯარიმოდან ჩაგდებით, სანდროს ორქულიანი არ უსვრია, ხოლო ოთხივე სამქულიანი ააცილა. ცუდია ისიც, რომ სანდროს გუნდში ყველაზე უარესი მაჩვენებელი ჰქონდა პლუს-მინუსის მხრივ – მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მილუოკელებმა 16 ქულა წააგეს. სამაგიეროდ, სანდრომ 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
„ბაქსი“ 41 მოგებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩი „ბაქსს“ უკვე 25 თებერვალს „მაიამისთან“ ელის. ეს პაუზა კი, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩით არის გამოწვეული. ჰო, „ყველა ვარსკვლავის“ მატჩს სანდროც ითამაშებს, ოღონდ G ლიგაში, რომელიც 19 თებერვალს იუტაში გაიმართება.