ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიელ თანაგუნდელს მარიო რუის ქართველისა და მოჰამედ სალაჰის შედარება სთხოვეს.
„ისინი განსხვავებულები არიან. სანამ ლუჩანო სპალეტის ხელში მოხვდებოდა მომო უფრო ინდივიდუალისტი იყო. პრინციპში იმავეს თქმა შეიძლება კვარაზეც. რად უნდა ლაპარაკი, რომ ორივე მაღალი დონის ფეხბურთელია. კვარა გაცილებით უკეთესი გახდება, ვირე დღეს არის. მას წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს. მე ძალიან ბედნიერი ვიქნები თუკი ის კრიშტიანუ რონალდუს სიმაღლეებს მიაღწევს”.
მარიო რუიმ ლუჩანო სპალეტი ახსენა. საქმე ის არის, რომ „ნაპოლის” დღევანდელი თავკაცი და ეგვიპტელი ვარსკვლავი 2015-16 წლებში „რომაში” გადაიკვეთნენ. 2016-17 წლებში იმავე „რომაში” პორტუგალიელიც სალაჰის თანაგუნდელი იყო.
Radio Kiss Kiss-თან დანარჩენი საუბარი ასე წარიმართა:
ვეთანხმები ჯაკომო რასპადორის, რომელმაც თქვა, რომ მართალია ამ ეტაპზე დიდი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ 16 თამაშია და ყოველ შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება. ყველას ჩვენი წაქცევა სურს, ამიტომ დიდი ძალა უნდა მოვიკრიბოთ და სვლა არ შევაფერხოთ.
მოახლოებული თამაშების შესახებ
დაძაბული კვირა გველის. სამ შეხვედრაში სამ ძლიერ მოწინააღმდეგეს ვეთამაშებით და სამივეჯერ უნდა გვეყოს ოსტატობა, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ.
ჩემპიონთა ლიგის შესახებ
ჩვენი მიზანი მაქსიმალურად შორს წასვლაა. „აინტრახტის” სიძლიერე კარგად მოგვეხსენება. ის ევროპულ შეჯიბრებებში გამოცდილი გუნდია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მას თამაშით უნდა ვაჯობოთ.
სპალეტის სტილის შესახებ
მწვრთნელი ოსტატობისა და ტაქტიკურ საკითხებში რასაკვირველია ძალიან გვეხმარება. ის მუდამ ახალ-ახალი სივრცეების მოძებნასა და პასების სხვადასხვა მიმართულებით გადაწოდებას გვთხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია ავითვისოთ ყველა სივრცე, სადაც თამაშის გაგრძელება შეგვიძლია.
მენტალიტეტის შესახებ
გასულ სეზონთან შედარებით საკუთარი ძალის უფრო გვწამს. შარშან რამდენჯერმე ისეთი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. წლეულს ასეთი რამ არ მოგვდის.
განსხვავება მაურიციო სარისა და ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის” შორის
ვინც გინდა იყოს შენი მწვრთნელი, მთავარია მეტოქეზე კარგად ითამაშო. მე ჩემი მწვრთნელებიდან ვერავის გამოვარჩევ. ვერ ვიტყვი, რომ ერთი საუკეთესოა, მეორე კი მასზე ნაკლებია. მისტერ სპალეტიმ ბოლო წლებში რაღაც დამატებითი რომ შეგვძინა, ამაში ორი აზრი არ არის.
გულშემატკივრების შესახებ
ისინი საოცრად გვეპყრობიან. მე ნეაპოლს ჩემს ქალაქად მივიჩნევ. ეს გუნდის დამსახურებაცაა. როდესაც კოლექტივი ძლიერია, გასაკვირი არ არის, რომ ცალკეული მოთამაშეებიც ბრწყინავენ. ამ „ნაპოლიში” ჩვენ ყველანი მნიშვნელოვანნი ვართ. ფუნდამენტურ როლს თამაშობენ ის ფეხბურთელებიც, რომლებიც კონკრეტულ შეხვედრაში არ მონაწილეობენ.
მინდა „ნაპოლის” ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მინდა ვთხოვო, ჩვენი ქომაგობა არ შეწყვიტონ. აუცილებლად დაგვიდგება რთული მომენტებიც, მაგრამ მათი მხარში დგომით ნებისმიერ პრობლემას დავძლევთ”.