თელ ავივის გრანდ სლემი ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლით გახსნეს. ორივე მედალი 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ავიღეთ, ხოლო 60 კილოგრამში უმედლოდ დავრჩით. აქ ქართული ფესვების მქონე ლუკა მხეიძემ კი იპირველა, მაგრამ საფრანგეთის სახელით.
დავუბრუნდეთ ჩვენს მედალოსნებს: ვაჟა მარგველაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას იტალიელი ფაბიო ბაზილეს დაიპონებით შეუყვა, ვისაც გერმანელ ლენარტ სლამბერგერი, ბულგარელი იანისლავ გერჩევი და ესპანელ ალბერტო გაიტერო მარტინი მიაყოლა და ფინალში გავიდა. ოქროსთვის ბრძოლაში ჩვენებური აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან ვაზარით კი აგებდა, მაგრამ ძირითად დროშივე გაათანაბრა, ხოლო დამატებითში მეტოქე კიდევ ერთხელ დააგდო და ჩემპიონიც გახდა.
ქართული ფინალი სწორედ საფაროვმა წაგვართვა, ვისთანაც ნახევარფინალი ლაშა ნადირაძემ წააგო. არადა, მანამდე მაგრად იჭიდავა: საწყის ეტაპზე გერმანელი მარტინ სეტცი 20 წამში „გაგუდა“, შემდეგ დამატებით დროში გაფრთხილებებით ეკვადორელ ლენინ პრესიადოს აჯობა, ხოლო მეოთხედფინალში მასპინძელი ბარუხ შმაილოვი მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ნადირაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაშიც მასპინძელს დაეჭიდა. ტალ ფლიკერთან ჭიდაობამ 10 წუთი გასტანა და ქართველმა მეტოქე მსაჯებიანად დაამარცხა.
დღესვე ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანიც (60) გავიდა, რომელმაც მეორე წრეში ავსტრალიელ ჯოშუა კატცთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.