იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა, 63 წლის ჯუზეპე კანელამ, რომელიც ბოლოს „სიენას” სპორტული დირექტორი იყო, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „რეალის” ინტერესსა და „ნაპოლისთან” დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ილაპარაკა.
„მადრიდელთა ინტერესი ლოგიკურია, — თქვა მან, — კვარაცხელია „ნაპოლიში” როგორც იტალიისთვის ასევე ევროპისთვის საინტერესო შედეგებს აღწევს. მერედა, თანამედროვე ფეხბურთს ძალიან აკლია ინდივიდუმები, რომელთაც ცრუმოძრაობით მეტოქის ჩამოტოვება შეუძლიათ. ახლა მკითხავთ, რამდენი უნდა ღირდეს კვარა. არ ვიცი. ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ გევაჭრება. თუ მისი შეძენა მადრიდის „რეალს” უნდა, მაშინ ფასი შეიძლება 100 მილიონ ევრომდეც კი გაიზარდოს”.
სკუდეტოს შესახებ: ფეხბურთი იმიტომ არის მშვენიერი, რომ ამოუცნობია. მეორე მხრივ კი თქვენი თავი „ნაპოლის” მდევრის როლში ჩააყენეთ. ამ გუნდს ფეხი არ უცდება, თუნდაც ზურგს უკან ვინმეს სუნთქვას გრძნობდეს. ასე რომ თავის როლს კონკურენტების დათრგუნვის მომენტიც თამაშობს. ეს გენუაში „ინტერის” მაგალითზე ძალიან კარგად გამოჩნდა.
ელიფ ელმასის შესახებ: ჟელინსკის წასვლის შემთხვევაში, მის შემცვლელად დიდებული ელმასი დარჩება. მას საუცხოო სტატისტიკა აქვს, მაგრამ სასტარტოში ფაქტობრივად არასდროს ათამაშებენ. არადა, ელმასი იმ ფეხბურთელებს შორის არის, რომლებიც თავიანთი ფეხბურთით ყველაზე დიდ სიამოვნებას გვანიჭებენ. ერთი სიტყვით, თუ გუნდის რომელიმე ლიდერი, მაგალითად ჟელინსკი „ნაპოლის” დატოვებს, ის მას საუცხოოდ შეცვლის.
ლობოტკას შესახებ: ამ შემადგენლობის დაყენებაში გატუზოს თავისი წვლილი მიუძღვის და მე არ მინდა მას ეს დამსახურება დავუკარგო, მაგრამ სპალეტის მაინც ფეხბურთელების გარდაქმნის საუცხოო უნარი აქვს. ის მათ დამატებით, საგანგებო გრძნობებს შთაბერავს. თუ გნებავთ ოსიმენის გარდასახვა ავიღოთ. ამ საქმეში სპალეტის დიდი როლი მიუძღვის. მას აქვს ფენომენალური უნარი აიღოს 5 დუიმიანი პროდუქტი და ის 7 დუიმიან პროდუქტად გადააკეთოს.
სასუოლო-ნაპოლისა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის შესახებ: ამ ორ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. „ნაპოლის” გასახდელში ცამდე დამუხტული ატმოსფერო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ფეხბურთელების ენთუზიაზმი ცას სწვდება. გაიხსენეთ როგორ განიცდის ყველაფერს თუნდაც მარტო სიმეონე. მისი მაგალითი კი იმაზე მიგვითითებს, რომ ამ ხალხის შემართებას ბევრი ფაქტორი ეხმარება, რომელთა წყალობით გუნდი მოედანზე თავის საუკეთესო თვისებებს ავლენს. ასეთი ენთუზიაზმით „ნაპოლი” გადატვირთულ კალენდარსაც იოლად გაართმევს თავს”.