„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლიმ” „კრემონეზეზე” „კოპა იტალიადან” გაგდების გამო შური იძია (3:0) და „აძურის” ფეხბურთელებს შორის ეგრეთწოდებული „ტოპები” და „ფლოპები” გამოარჩია:
საუკეთესონი
კვარაცხელიამ თავს დღეობა მოუწყო: 7.5
თქვენ მას მარჯვნივ ელით, ის კი მარცხნივ მიდის. თქვენ მას მარცხნივ ელით, ის კი მარჯვნივ მიიწევს. და რას იზამს თუკი მის ჩაკეტვას ორივე მხრიდან შეეცდებიან? მიდი და გაიგე, რა ხდება მის თავში. ასეთ დღეებში ის გაუჩერებელი და ასპროცენტიანია. ეს საბრალო სერნიკოლას კარგად მოეხსენება. ის ალბათ „ნაპოლის” პირველ გოლს გოლს შენელებული კადრით თავიდან ნახავს, რათა გაიგოს, რა ჯანდაბა გააკეთა მისმა ოპონენტმა ასეთი, ძალიან იოლად რომ მოატყუა. დაბადების დღეს გილოცავთ, კვარა. დღეობაზე „კრემონეზეს” ფეხბურთელები მოწვეულები არ არიან.
ლობოტკა, ფეხბურთის ანატომიის სახელმძღვანელო: 7.5
„ნაპოლი” ლობოტკაა. მისი ფეხები გაუჩერებლად მოძრაობს, მისმა ფილტვებმა დაღლა არ იცის, მისი გონება წესრიგს ქადაგებს, მისი გული კი ტრიბუნებთან უნისონშია. და როდესაც ის ორიოდ მეტრით დაწინაურებულ მოწინააღმდეგეს ბურთს წაგლეჯს, სტადიონზე კოლექტიური ორგაზმი იწყება, რასაც ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად ოვაცია მოსდევს.
ოსიმენის ყველას ეშინია: 7
ის არალეგალად უნდა გამოვაცხადოთ. სერიოზულად: თუკი სერია A-ს სურს უფრო სოლიდური ლიგა გახდეს, რამენაირად ის კანონგარეშედ უნდა გამოაცხადოს, რადგან ისეთ შეხვედრებშიც კი, როდესაც ვერ ბრწყინავს, დაცვასაც ეხმარება, ბურთსაც არტყამს, მეტოქეებს სპრინტით ატერორებს, აკეთებს ფინტებს და ვლად ჩირიჩესს მხრითაც ბევრჯერ უთავაზა. მერე კი, პირველივე ეპიზოდში, როდესაც უმეთვალყურეოდ დარჩა, ბურთი კარში შეაგდო.
როდესაც ლოსანო ბრაზდება: 6.5
აქ ყველაფერი მარტივად იყო — მან ნამდვილად კარგად მხოლოდ მას მერე დაიწყო თამაში, რაც მეორე ტაიმში მტკივნეულად ჩაარტყეს. მანამდე მექსიკელმა თავი მხოლოდ იმ ეპიზოდში გამოიჩინა, როდესაც – მოდი ასე ვთქვათ – მთლად თავისი საქმე არ გააკეთა და მეტოქეს შეტევა გამოცდილი მცველივით ჩაუშალა. აი, მტკივნეულად წაქცევის შემდეგ კი ალბათ გამწარდა და დაუღალავად წინ და უკან დაიწყო სირბილი. თუ ეს მართლა ასე მოხდა, სპალეტის უჯობს ყოველი მატჩის წინ, მოთელვისას, მის წასაქეზებლად არასტანდარტული მეთოდს მიმართოს.
ჩავარდნა
ანგისა ცოტა მოუხეშავი იყო: 5.5
თამაშზე ჩვეულებრივი გავლენა ვერ მოახდინა. პირველ ტაიმში კრემონელთა ყველაზე გამორჩეულ ფიგურასთან, მარკო ბენასისთან გამკლავება გაუჭირდა. გარდა ამისა, ცალკეულ ეპიზოდებში ცდებოდა, თუმცა თამაშის მიწურულისკენ გამოსწორდა, რაც ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული თამაშის წინ, კარგი ინფორმაციაა.