„ვალენსიამ” ისევ წააგო, ამჯერად შინ, „ბილბაოსთან” — 1:2. ტრიბუნებზე პროტესტის გამო ცოტა ხალხი იჯდა. დღისით ქალაქში სინგაპურელი მეპატრონის პიტერ ლიმის წინააღმდეგ აქცია მოეწყო, მაგრამ ჩვენი ინტერესის საგანს გიორგი მამარდაშვილის თამაში წარმოადგენს.

მამარდაშვილზე ლაპარაკს იმით დავიწყებთ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მისი ბილბაოელი კოლეგა, ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი დაასახელეს. სიმონმა სხვათაგან გამორჩევა დაიმსახურა, მან შვიდი დარტყმა მოიგერია, რომელთაგან ბევრი მაღალ ოსტატობას მოითხოვდა. ასეთი რამ წინა შეხვედრებში გიორგიმაც კი გააკეთა, მაგრამ… მისმა გუნდმა ის თამაშები წააგო, სიმონის გუნდმა კი მოიგო და მთელი განსხვავებაც ეს არის — გუნდი!

რაც შეეხება წუხანდელ თამაშს, AS სწორად წერს: „მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ ორი გოლი გაუშვა. პირველი გოლის დროს მან ნიკო უილიამსის დარტყმა ვერ მოიგერია, არადა ახლოს იყო მოგერიებასთან — ბურთს შეეხო. მეორე ეპიზოდში კი ის ვერაფერს გახდებოდა. ბოლოს გიორგიმ გუნდი 1:3-გან გადაარჩინა, როდესაც ინიაკი უილიამსის დარტყმა მოიგერია”.

დავძენთ, რომ პირველი გოლის ეპიზოდში „ჩეების” დაცვამ ნიკო დასარტყმელ პოზიციამდე ლამის ესკორტით ჩააცილა და მანაც ძალიან ოსტატური დარტყმა შეასრულა.

superdeporte მოკლედ წერს, რომ ქართველ მეკარეს გოლების ეპიზოდში დიდი შანსი არ ჰქონდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, მამარდას ვარსკვლავური თამაში აღარ გამოუვიდა, თუმცა არც ჩაუგდია შეხვედრა. ადამიანს, ფეხბურთელს, თან მეკარეს (რომლის ყოველი შეცდომა სხვა ამპლუის ფეხბურთელების შეცდომაზე გაცილებით ძვირად ფასობს) ყოველ ჯერზე ვარსკვლავობა არც უნდა მოთხოვო. „ვალენსია” კი მე-18 ადგილზე ანუ გასავარდნთა ზონაში ჩაეშვა, სადაც 21 ტურის შემდეგ ბოლოს 40 წლის წინ, 1982-83 წლების სეზონში იყო. მეტიც, ესპანური პრესა წერს, რომ „ღამურები” 1985-86 წლების სეზონშიც კი (როდესაც გავარდნენ) არ ყოფილან 21 ტურის მერე ასე დაბლა.