საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ამსტერდამში 40:8 მოიგო, შემტევი ბონუსი მიიღო, ორი მატჩის ჯამში 10 ქულას მოუყარა თავი და „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მესამე ტურს ლიდერის რანგში შეხვდება.
ბორჯღალოსნების გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ნიდერლანდელებმა დაამტკიცეს, რომ მართლაც პროგრესირებენ, ვითარდებიან, ოსტატდებიან, მაგრამ ჩვენებამდე აშკარად ბევრი უკლიათ.
ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ არენაზე ისეთი ქარი ქროდა, რომ პირველ ტაიმში ქართველთა ფეხის დარტყმისას ბურთი ჰაერში ისეთ უცნაურ ტრაექტორიებს ხაზავდა, ერთი ორჯერ დარტყმის ადგილზეც კი დაბრუნდა. მეორე ტაიმში იგივე დღეში უკვე მასპინძლები აღმოჩნდნენ და გაირკვა, რომ ამ ფაქტორს საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონია თამაშის მიმდინარეობაზე.
პირველ ნახევარში მასპინძლები ქართველებს მაგრად დაუდგნენ და ბევრი არაფერი დაუთმეს – 3:12 ქართველებთან 40 წუთში ნამდვილად საპატიო რეზულტატია ნიდერლანდების დონის გუნდისთვის. პირველი ლელო ქართველთა კონტრშეტევას მოყვა, რომლის დასკვნით სტადიაში თედო აბჟანდაძემ დავით ნინიაშვილს უპასა და ამ უკანასკნელმაც თავის მე-18 სანაკრებო მატჩში მე-7 ლელო მიითვალა.
შემდეგ ნიდერლანდელებმა ზუსტი ჯარიმით გვიპასუხეს, მაგრამ ტაიმის შუისკენ ბორჯღალოსნებმა მასპინძელთა ჩათვლის მოედანთან დერეფანი მოიგოს, შეტევა რაქში გადავიდა, სადაც ლადო ჩაჩანიძის ღონიერმა ბიძგმა შედეგი გამოიღო – ახალგაზრდა მეორეხაზელმა ბურთი ხაზს იქით დაამიწა და მე-7 კეპს პირველი სანაკრებო ლელოც დაურთო.. პირველი ლელო კარის წინ დაიდო და თედო აბჟანდაძეს გარდასახვა არ გასჭირვებია, ჩაჩანიძისა კი მარცხენა ფლანგისკენ შედგა, საიდანაც თედომ ზუსტად ვეღარ დაარტყა – ქარმა მაგრად შეუშალა ხელი.
3:12-ზე დაწყებული მეორე ტაიმის დებიუტშივე ქართველებმა კიდევ ერთი დერეფანი მოიგეს, რასაც გიორგი ჭყოიძის ლელო მოჰყვა, რომლის გარდასახვა თედოს უკვე ზურგქარში უწევდა, ასე რომ – 19:3 ქართველების სასარგებლოდ. ათიოდე წუთში ჭყოიძემ კიდევ ერთხელ იყოჩაღა და პირადი ანგარიში 27 მატჩში 6 ლელომდე გაზარდა. თედო ამ ჯერზეც ზუსტი იყო, ამით ნაკრების მთავარმა ბომბარდირმა პირადი სტატისტიკა 39-ე მატჩში 313 ქულამდე გაზარდა და თამაშის გაძღოლა ლუკა მატკავას გადაულოცა.
ამ უკანასკნელსაც მოუწია ქულების დაგროვება – მასსავით შეცვლაზე შესულმა მიშო გაჩეჩილაძემ ბოლო 10 წუთში ორი ლელოს დადება მოასწყო, ხოლო ლუკამ ორივე წარმატებით გარდასახა. გაჩეჩილაძეს ნაკრებში ჩატარებულ 18 მატჩში 4 ლელო მოუგროვდა, ხოლო მატკავას 4 მატჩში უკვე 32 ქულა აქვს. საბოლოოდ ტაბლოზე 40:8 დაფიქსირდა და საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალისტობა გაინაღდა. ხოლო ის, თუ რომელ ადგილზე დაასრულებენ ბორჯღალოსნები ჯგუფურ ეტაპს, ერთი კვირის შემდეგ გაირკვევა. 18 თებერვალს ლევან მაისაშვილის რაზმი ესპანეთის ნაკრებს სტუმრად შეერკინება.