ვიდრე წამყვან სარაგბო ჩემპიონატებში ე.წ. სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული, საფრანგეთის რანგით მეორე, მაგრამ არცთუ ხელწამოსაკრავ პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის მე-20 ტური გაიმართა.
ნაკრებში გაწვეულთა არყოფნაში ქართული წარმომადგენლობა ერთობ მოკრძალებული გახლდათ – მხოლოდ 12-მა ჩვენებურმა მიიღო გასულ ტურში მონაწილეობა.
ამ დუჟინიდან საუკეთესო პირადი შედეგი „ორიაკის“ მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ დააფიქსირა. 26 წლის მძლავრმა ფორვარდმა „კარკასონთან“ შეხვედრის 30-ე წუთზე ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა, საბოლოოდ კი ორიაკელებმა ეს მძიმე მატჩი დიდი გაჭირვებით მოიგეს და სტუმრებს ბონუსიც გაატანეს – 30:26.
ეს იყო ჯავახიას მეორე ლელო მიმდინარე სეზონში. სულ კი მან თავის ფრანგულ კარიერაში 45-ე მატჩი ჩაატარა და მე-6 ლელო მიითვალა.
ჯავახიას გარდა „ორიაკის“ სასტარტოში მისი ორი სეხნიაც იყო – ქართველიშვილი და გოგოლაძე. კარკასონელთა სასტარტო მარჯვენა ბურჯად სოსო ბეკოშვილმა ითამაშა, 64-ე წუთიდან კი ორივე გუნდში შეცვლაზე ქართველი კვაჭები შემოვიდნენ, ასევე სეხნიები – ლუკა ნიორაძე და ლუკა პეტრიაშვილი.
ლიგას, ცხადია, „ოიონაქსი“ ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარ „მონ-დე-მარსანს“ უკვე მთელი 20 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე „კოლომიე“ დამკვიდრდა, ხოლო მეოთხე-მეექვსე ადგილებს 50-50 ქულით „აჟენი“, „ბიარიცი“ და „გრენობლი“ იმყოფებიან, ოღონდ ამ უკანასკნელს იანვარში „ორიაკთან“ მატჩი ჩაეშალა და ეს შეხვედრა მოგვიანებით უნდა გაიმართოს.
ცხრილის ფსკერზე კი კვლავაც „მასი“ და „ანგულემი“ არიან. ამ ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და „ანგულემმა“ 21:19 იმარჯვა.