მარიო რუის დიდებული სეზონი აქვს. ის სპალეტის „ნაპოლისთვის” დიდი ძალაა: ნამდვილი თანამედროვე განაპირა მცველია, რომელიც თავს იცავს, ფლანგიდან უტევს, შუაში შედის, დახვეწილ პასებსა და მაღალ ბურთებს აწვდის. მოედანზე პორტუგალიელი ყველაფერს კარგად აკეთებს, რასაც მისი კიდევ ერთი თვისება ემატება — ის ყველა გაგებით მიმწოლია. მას როგორც სერია A-ში ასევე ჩემპიონთა ლიგაში ჯადოსნური წელიწადი აქვს და ერთადერთი, რაც სრულყოფილებისთვის სჭირდება გოლია, რომლის გატანასთანაც რამდენჯერმე ახლოს იყო.
ლუჩანო სპალეტის ხელში მარიო რუიმ მაღალ დონეს მიაღწია. მან წინა ჩემპიონატიც საუცხოოდ ჩაატარა და მიმდინარეში კიდევ უფრო მოუმატა: მარცხენა ფეხით ბურთს საუცხოოდ ატარებს. ის ტოსკანელი მწვრთნელის იდეას დიდებულად ერგება — მუდმივად იცვლის პოზიციას, მანევრირებს და შეტევას ავითარებს. სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლია თამაში გადაიტანოს ფლანგზე ან ცენტრისკენ. როდესაც მეტოქე უტევს, პორტუგალიელი ოთხკაციანი დაცვის ხაზში იკავებს ადგილს, ხოლო როდესაც წინ მისი გუნდი მიდის, თავდამსხმელებს ეხმარება. ერთი სიტყვით, სრულყოფილი განაპირა მცველია მაღალი ინდივიდუალური ტექნიკითა და გამორჩეული მებრძოლი სულით.
მიმდინარე სეზონში მარიო რუიმ შვიდი საგოლე პასი შეასრულა, აქედან ექვსი (სათამაშო ნომრისა არ იყოს) სერია A-ში, ხოლო ერთი ჩემპიონთა ლიგაში. მათგან განსაკუთრებით ეფექტური გახლდათ ის, რომლის შემდეგაც ჯოვანი სიმეონემ „მილანს” გამარჯვების თავური გაუტანა (2:1). კიდევ ერთი მარგალიტი იყო გამჭოლი პასი, რომლითაც ოსიმენმა „სამპდორიას” შეუგდო. როდესაც კვარაცხელია შუაში შედის, ცაცია პორტუგალიელი ნამდვილი გარემარბი ხდება და თაღისებური ტრაექტორიით შესანიშნავ მაღალ პასებს აწვდის. ხოლო, როდესაც თავიდანვე ცენტრში გადადის, ჩინებულად ართმევს თავს ნახევარმცველობას — ეგრეთწოდებულ ვერტიკალურ შეტევებში მონაწილეობს.
მარიო რუი გარანტიაა. სპალეტიმ ის ბოლო ხუთ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. „ნაპოლიმ” ხუთივე მოიგო, ხოლო პორტუგალიელი ყველა მათგანში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარიო რუიმ სერია A-ს 17 ტურში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან თექვსმეტში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ერთში კი შეცვლაზე შევიდა. ჩემპიონთა ლიგაში პორტუგალიელმა სამჯერ ითამაშა და „რეინჯერსთან” საპასუხო შეხვედრაში, „მარადონაზე” საგოლე გადაცემა შეასრულა.
მარიო რუი ფიზიკურადაც გამძლეა. ამ სეზონში კი, როდესაც გუნდს ურუგვაელი ოლივეირა შემოემატა, მას შეუძლია ამოისუნთქოს კიდეც — სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში შვიდ შეხვედრაში დაისვენა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
კვირას „მარადონაზე” „კრემონეზე” ჩადის. მარიო რუისა და მის თანაგუნდელებს შესაძლებლობა ეძლევათ იტალიის თასიდან პენალტებით გაგდებისთვის შური იძიონ.
პორტუგალიელისთვის „ნაპოლიში” მიმდინარე სეზონი მეექვსეა (ის 31 წლისაა), მასზე მეტი ხანი „მარადონაზე” მხოლოდ პიოტრ ჟელინსკი თამაშობს (პოლონელისთვის მეშვიდე სეზონი მიდის). მარიო რუი „აძურის” შემადგენლობაში მეორასე მატჩს უახლოვდება (სადღეისოდ 191 აქვს ჩატარებული). გამოცდილი, მამაცი, ენთუზიაზმით აღსავსე და დაჟინებული „ნაპოლისთან” ერთად ჩინებული სეზონს ატარებს.
მარიო რუი ნეაპოლელი გულშემატკივრის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია. ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდში მონაწილეობის შემდეგ, „მარადონაზე” შეკრებილი ქომაგი მას ოვაციებს უწყობს და ისიც ამ სიყვარულს ყოველი ბურთისთვის თავდადებული ბრძოლით პასუხობს.
რობერტო ვენტრე, ილ მატინო