„ავჭალაზე“ გერმანიის ნაკრების უხვლელოიანი და ლამაზი ძლევის შემდეგ, საქართველოს ბორჯალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ადგილობრივ ნაკრებთან გამართავენ.
შაბათს, 11 თებერვალს, 16:15-ზე, ამსტერდამის „რაგბის ეროვნული ცენტრის“ სტადიონზე დაიწყება ნიდერლანდებისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა.
მართალია, ნიდერლანდების ნაკრები გერმანიისაზე ერთობ ძლიერია და ზოგადად, იქაური რაგბი აღმავლობას განიცდის და ამაში დიდ როლს ნატურალიზებული ზელანდეიელები და აფრიკელები ასრულებენ, მაგრამ საქართველოსთან ამ გუნდის ჩამორჩენა მაინც უზარმაზარია. შარშან ნიდერლანდელებმა ამავე ტურნირში ყველა მატჩი წააგეს და ბოლო ადგილი დაიკავეს.
მაგრამ ნიდერლანდების ნაკრებთან ბორჯღალოსნების ყველა შეხვედრა ქართველებისთვის მაინც გარკვეულ დამატებით დატვირთვას ატარებს. საქმე ისაა, რომ შორეულ 1995 წელს, როცა დამოუკიდებელ ქართულ ნაკრებს პირველი დასავლეთევროპული გასვლა ჰქოდა, დანგრეული ქვეყნიდან „ჯადოსნურ სამყაროში“ მოხვედრილმა ქართველებმა დაივიწყეს თავისი სპორტსმენობა, ადგილობრივ ბარებსა და ღამის კლუბებში მატჩისწინა ღამე ფხიზლად გაატარეს და მეორე დღეს, მათზე აშკარად სუსტმა ჰოლანდიელებმა 55:3 მოიგეს. ქართველებს მოედანზე უბრალოდ ეძინათ და მასპინძელთა ყველა შეტევა ლელოთი დასრულდა.
მას შემდეგ ბევრ წყალს ჩაუვლია და დღეს ქართველები სანიმუშო პროფესიონალები არიან, მათზე სწორება მსოფლიო სარაგბო სამყაროს მინიმუმ ნახევარს აქვს. იმ 1995-ის მერე ქართველები და ნიდერლანდელები ერთმანეთს კიდევ 5-ჯერ დაუპირისპირდნენ და ხუთივე ეს მატჩი ბორჯალოსნების დიდი უპიარტესობით წარიმართა.
41:6, 32:3, 88:0, 48:15 და 72:10 – აი, ამ ციფრებით გამოიხატებოდა ქართველთა უპირატესობა განვლილ შეხვედრებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ შაბათს, მადრიდში, ნიდერლანდების ნაკრებმა ესპანელებს მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 20:28 დამარცხდა. საყურადღებო ფაქტია…
რაც შეეხება ლევან მაისაშვილის რაზმს, ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში გერმანიას 11 ლელო გაუტანა და 75:12 იმარჯვა. გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებაა – ბექა გორგაძემ გასულ უქმეებზე ნაკრებში არ ითამაშა, სამაგიეროდ თავის „პოს“ 2 ლელოთი შეეწია და ბონუსითაც მოაგებინა. თბილისში ჩამოსულმა კი ტრავმა მიიღო. სერიოზული არაფერიაო, თუმცა რაზმში მისი ადგილი ლუკა ივანიშვილმა კი დაიკავა.
სხვამხრივ, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები კიდევ მოხდა. ზოგმა სასტარტოდან მარქაფაში გადაინაცვლა, ზოგმა – პირიქით, არიან ისეთებიც, ვისაც პირველ მატჩში საერთოდ არ უთამაშია. მოკლედ, ნაკრებში როტაციაა. ველოდებით შაბათის 16:15-ს…
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდებთან შეხვედრაში:
- ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 6 კეპი, 0 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26, 20), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30, 10), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 6, 0), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 78, 15), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 25, 30), 7. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 32, 15), 8. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 37, 50), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 41, 27), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38, 307), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103, 80),12. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 43, 25), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21, 5),14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 24, 110), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17, 33).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 1, 0), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 1, 0), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი, 2, 0), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1, 0), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17, 10), 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 71, 73), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 3, 28), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 94, 53).