23 და 26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე – ეროვნული გუნდი ჯერ ნიდერლანდებში ითამაშებს, შემდეგ კი თბილისში ისლანდიას უმასპინძლებს.
როგორც ყველა შესარჩევ მატჩში, მთავარი კითხვა ამჯერადაც თორნიკე შენგელიას ეხება. მოგეხსენებათ, ევროლიგისა და ფიბა-ს შეუთანხმებლობის გამო ევროლიგის მატჩების მსვლელობისას კლუბები ნაკრებში კალათბურთელებს არ უშვებენ.
თორნიკე შენგელიამ ამ ზაფხულს განაცხადა, რომ ისეთ კლუბთან გააფორმებდა კონტრაქტს, რომელიც მას ნაკრებში ჩამოსვლის ნებას მისცემდა. ნაკრების კაპიტანი „ვირტუსში“ დარჩა და ნოემბრის სანაკრებო მატჩებისას საქართველოში ჩამოსვლა შეძლო. და ახლა როგორც გაირკვა, ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან გადამწყვეტ შეხვედრებში კაპიტანი ისევ ნაკრებთან ერთად იქნება.
გრაფიკი კი შენგელიას მეტისმეტად რთული აქვს: თორნიკე იტალიიდან ნიდერლანდებში 22 თებერვალს ჩაფრინდება; 23-ში „ნარინჯისფრებთან“ ითამაშებს; იმავე საღამოს ბოლონიაში დაბრუნდება, 24-ში „ვირტუსს“ „ბასკონიასთან“ მატჩში დაეხმარება; 25 თებერვალს საქართველოში გამოფრინდება და 26-ში უკვე ისლანდიასთან ითამაშებს.