„მილანის” მარცხენა გარემარბი, პორტუგალიელი რაფაელ ლეაო ფეხბურთელის გარდა რეპერიცაა. მისი ფსევდონიმია Way 45. ის Vice-ის გადაცემა „ხმაურიანი პერსონის” გმირი გახლდათ და ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად ბავშვობაზეც ილაპარაკა:
„მე მაქვს სვირინგი OTF რაც იშიფრება, როგორც მხოლოდ ოჯახი (Only the family). გარდა ამისა, სხეულზე საფოსტო ინდექსიც დავიწერე. ყველა ვინც ხედავდა, როგორ ვიზრდებოდი, ოჯახის წევრად მიმაჩნია და ამით გამოვხატავ, რომ მე მუდამ მათთან ვარ. სცენური ფსევდონიმი? Way ინგლისურად გზას ნიშნავს ანუ „მე გზას ვადგავარ”, ხოლო 45 ჩემი რაიონის ბარუ და იამაიკის საფოსტო ნომერია.
ბავშვობაში სულ ფეხბურთს ვთამაშობდი. მეგობრებიც იმ დროიდან შემომრჩნენ. ყველა, ვისთანაც დღეს ვძმაკაცობ უბნიდან მომყვება. სხვათა შორის, მე მათ ვერ ვუბამდი მხარს, რადგან ფეხბურთის თამაში პატარაობაში დავიწყე და სხვა განრიგზე გადავერთე. მაგალითად, საღამოს მათთან ერთად საცეკვაოდ ვერ მივდიოდი, რადგან დილით უნდა მევარჯიშა.
ვერ ვიტყვი, რომ ღარიბები ვიყავით, მაგრამ იმისათვის, ჩემთვის ხელის შესაწყობად მამას დიდი ოფლისღვრა უწევდა. სამეგობროში მყავდნენ ბიჭები, რომელთაც 300 ევროიანი ფეხსაცმლის ყიდვა შეეძლოთ. მე თავს ასეთი ფუფუნების უფლებას ვერ ვაძლევდი.
სკოლაში როგორი ვიყავი? საკმაოდ გონიერი. მახსოვს, „სპორტინგში” რომ ვთამაშობდი, კლასში ვიჯექი, ბავშვებმა ცელქობა დაიწყეს. მეც ავყევი და მასწავლებელმა გაკვეთილი ვეღარ ჩაატარა. თუმცა, დღემდე მიმაჩნია, რომ წყნარი და გონიერი ბავშვი ვიყავი. შემდეგ კი დადგა დრო, როდესაც სკოლაში სიარულს ვეღარ ვახერხებდი, რადგან სულ ვარჯიში და თამაში მიწევდა.
…შვიდი წლის რომ ვიყავი, „სპორტინგში” ჩემს გარშემო იყო ხალხი, რომელიც მეუბნებოდა, რომ შორს წავიდოდი. ნიჭიერი ვიყავი, მაგრამ მეტი ვარჯიში იყო საჭირო. ერთ დღეს, მათ მე და მამაჩემს დაგვიძახეს და გვითხრეს, რომ ალბათ მაინც ჯობდა სადმე სხვაგან გადავსულიყავი. ეს რომ მოვისმინე, მივხვდი, რაღაცას არ ვაკეთებდი სწორად და მას მერე მთელი ყურადღება მუშაობაზე გადავიტანე. ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ მწვერვალებისთვის მიმეღწია”.