„ოპტა” (სპორტის ანალიზის ბრიტანული კომპანია) რეგულარულად აახლებს ფეხბურთის კლუბების მსოფლიო რეიტინგს, რომლის გამოთვლისას სხვადასხვა კრიტერიუმთან ერთად, ცხადია, უპირველეს ყოვლისა მათ შედეგებს ეყრდნობა. „ნაპოლი” პირველად მოხვდა სამეულში. „აძური” განახლებულ ცხრილში მესამე ადგილზეა, რაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ლუჩანო სპალეტის ბიჭების წარმატებებით არის განპირობებული.
„ოპტას” რეიტინგში „აძურის” მხოლოდ „ბაიერნი” და „მანჩესტერ სიტი” უსწრებენ. „ილ მატინოს” განმარტებით, კრიტერიუმი მრავალია და მათ შორის არის ფეხბურთელთა ფასები. ბუნებრივია, ითვალისწინებენ გუნდის მიერ დაგროვებულ ქულებსაც, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მოპოვებული ქულა სხვანაირად ფასობს, სუსტთან მოპოვებული კი სხვანაირად.
რეიტინგში „ნაპოლი” იტალიურ გუნდებს შორის პირველია, თუმცა ათეულში არის სერია A-კიდევ ერთი წარმომადგენელი, „ინტერი”, რომელიც მე-9 პოზიციაზეა.