Khvicha Kvaratskhelia of Napoli SSC and Victor James Osimhen celebrate after scoring a goal during the Serie A match between Spezia Calcio and SSC...სპეციაში „ნაპოლიმ” 3:0 მოიგო, მაგრამ თამაშზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო იმ შეძახილებმა, რომლებიც ტრიბუნებიდან ისმოდა — მასპინძელი გულშემატკივარი ნეაპოლელებს ლანძღავდა. ყოფილმა მსაჯმა კლაუდიო გავილუჩიმ Radio Crc-ს ეთერში თქვა: „გუშინ, ყველას მკაფიოდ გვესმოდა რას ყვიროდნენ ტრიბუნებიდან „სპეციასა” და „ნაპოლის” შეხვედრის მსვლელობისას. მე პირადად ვიცნობ თამაშის მსაჯს მარკო დი ბელოს. ის წესიერი, გულითადი ადამიანია და ამიტომაც ვერ ამიხსნია, რატომ არ გააჩერა თამაში, რათა ოქმში დაეფიქსირებინა ის, რაც ხდებოდა”.

საქმე ის არის, რომ აგერ უკვე მეორე სეზონია, რაც სპეციაში ნეაპოლელებს გაშმაგებით ლანძღავენ. 2022 წლის 22 მაისს ორი გულშემატკივარი მუშტი-კრივზეც გადავიდა, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ამჯერად ჩხუბი არ ყოფილა, რაც ნაწილობრივ იმით შეიძლება აიხსნას, რომ სტუმარი გუნდის გულშემატკივრისთვის გამოყოფილი სექტორი უსაფრთხოების მიზნით დაკეტილი იყო, მაგრამ ამან მატჩი უსიამოვნო შეძახილებისაგან ვერ დაიცვა.

კერძოდ, მეორე ტაიმში „სპეციას” გულშემატკივართა ცნობილი ტრიბუნიდან, რომელსაც „კურვა ფეროვიას” ეძახიან ისმოდა: „ჩვენ არ ვართ ნეაპოლელები”; „აბანავეთ ისინი ცეცხლში”; „გითხრათ რატომ მიცემს გული? იმიტომ, რომ მარადონა მოკვდა. დიეგო ვეღარ შარდავს”.

ლიგურიელების უხამსობას „ნაპოლიმ” ყველაზე სწორი პასუხი გასცა — 3:0 გაიმარჯვა.