Luciano Spalletti manager of SSC Napoli gestures during the Serie A match between Spezia Calcio and SSC Napoli at Stadio Alberto Picco on February 5,...„ნაპოლიმ” სტუმრად მოუგო „სპეციას” 3:0, „კორიერე დელა სერამ” კი სხვადასხვა წყაროდან „აძურის” მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის კომენტარები მოკრიბა. ქვემოთ ამ კომენტარებს გთავაზობთ.

თავიდან გაზეთი წერს, რომ გუნდი დაჟინებით მიიწევს სკუდეტოსკენ, მაგრამ მას კიდევ ერთი დიდი მიზანი აქვს — ჩემპიონთა ლიგა. „სპეციასთან” შეხვედრის შემდეგ სპალეტიმ სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც თქვა: „ჩვენ ფანების სიყვარულით მიზნისთვის თავი უნდა დავდოთ. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც წამით ჩერდები და საკუთარ თავს ეკითხები — მიღწეულით კმაყოფილი ვარ თუ თუ ძალისხმევა უნდა გავაორმაგო?”

„ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასდროს ყოფილა. ახლა ის მერვედფინალშია, სადაც ფრანკფურტის „აინტრახტს” ხვდება. 22 თებერვალს პირველი თამაში გერმანიაშია, ხოლო 16 მარტს — ნეაპოლში. სპალეტიმ კარგად იცის, რომ მისი გუნდი ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას და მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

„სქაი იტალიასთან” ინტერვიუში „პარტენოპეელთა” თავკაცმა „სპეციასთან” გამარჯვებაზე ასე ილაპარაკა: „გადამწყვეტი ის არის, რაც ფეხბურთელების გონებაში ხდება. დროის უქონლობის გამო ჩვენ იძულებულები ვართ თამაშებისთვის წინა საღამოს მოვემზადოთ. დღეს დიდებული სამუშაო შევასრულეთ, რადგან მეტოქეს სივრცეები მინიმუმამდე ჰქონდა შეზღუდული”.

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ სპალეტის კარგად მოეხსენება, რეალურად ვინ მოიგო „სპეციასთან” — ეს გამარჯვება „ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა მოუტანეს. DAZN-თან საუბრისას მწვრთნელმა თქვა:

„ისინი არიან ფეხბურთელები, რომელთაც თამაშში გარდატეხა შეაქვთ და რთული მდგომარეობებიდან გამოსავალს პოულობენ. მეურვესთან პირისპირ დარჩენილებს მათ ჩვენ გამარჯვების გზაზე გავყავართ”.

სპალეტიმ დაადასტურა, რომ გუნდის პენალტისტი კვარაცხელიაა. მან აგრეთვე ძალიან შეაქო ოსიმენი.

„ოსიმენის ნახტომის მაგვარი არასდროს არაფერი მინახავს. ადგილიდან ორი ფეხით ასეთი ახტომა წარმოუდგენელია”, — თქვა „ინტერის”, „რომას”, „ზენიტის”, „უდინეზეს”, „ანკონას”, „ვენეციას”, „სამპდორიასა” და „ემპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა.