ამჯერად ყველაფერი მკაფიოდ იყო, ჭოჭმანის გარეშე. ის პირდაპირ მივიდა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან. არავის უკამათია, რადგან სპალეტიმ ზუსტად ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის უნდა დაერტყა პენალტი. კვარასაც ორჯერ თქმა არ დასჭირვებია. როგორც კი რეკამ ხელით ითამაშა მან ბურთი აიღო და თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მიიტანა. დანარჩენი უკვე ისტორიაა — ბურთი „სპეციას” მეკარის დრაგოვსკის კარში შევარდა და ანგარიში გაიხსნა. სერია A-ში დარტყმულმა პირველმა პენალტმა (მანამდე კვარამ ერთი ჩემპიონთა ლიგაში, „აიაქსის” კარში გაიტანა) ცხადყო, თუ ვინ არის ამიერიდან გუნდში პენალტისტი. მანამდე იყვნენ ჟელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, ელმასი და ბოლოს პოლიტნაო, რომელმაც „ჯენოასთან” ვერ გაიტანა და იერარქიაში წინ ქართველი გაუშვა.
ხუთ ევროპულ ტოპ-ლიგაში ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთია იმ სულ რაღაც ხუთ ფეხბურთელს შორის, რომელთა გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა ყველა შეჯიბრებაში ერთად ორნიშნა რიცხვით გამოისახება (10 და 14). ის ამ მონაცემებით ისეთი საშიში მონსტრების გვერდით დგას, როგორებიც არიან მესი და ნეიმარი „პარი სენ ჟერმენიდან” (მათ გარდა ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლის” მომავალი მეტოქის ფრანკფურტის „აინტრახტის” ფეხბურთელი კოლო მუანი და გნაბრი „ბაიერნიდან”), თუმცა ჩამოთვლილებს შორის კვარაცხელია ყველაზე ახალგაზრდაა. მოკლედ, ორი აზრი არ არის, რომ 21 წლის ქართველმა გავლენა მოახდინა „ნაპოლიზე”, რომელმაც ზაფხულში ის 10 მილიონ ევროდ იყიდა, რათა ხალხს კანადაში წასული ინსინიე დაევიწყებინა. ეს ამოცანა კვარასთვის ბავშვური თავშესაქცევი გამოდგა. მან არა მხოლოდ „ნაპოლი” არამედ ნეაპოლელების გულიც დაიპყრო. ქალაქში იფეთქა კვარამანიამ — ქართველის თამაში შეუმჩნეველი ხომ ვერ დარჩებოდა. მას უამრავი მეტსახელი მოუგონეს კვარადონათი დაწყებული კვარავაჯოთი დამთავრებული.
კვარამ ზურგის ტკივილის გამო 2022 წლის მიწურულს ოთხი შეხვედრა გამოტოვა, ამა წლის დასაწყისში კი გრიპის გამო სალერნოში ვერ ითამაშა. მის გარეშე „ნაპოლიმ” სიმძლავრეს არ დაუკლო, ტემპი შეინარჩუნა, თუმც როდესაც კვარა მოედანზეა, გუნდი სხვა სისწრაფეებზე თამაშობს. ეს თამაშის მისეული ხედვის, ფეხის სიჩქარისა და მეტოქეთა რიგებში პანიკის დათესვის უნარის წყალობით ხდება. დღეს ჩემპიონატის დაწყებიდან წრეზე მეტია გასული და უიღბლო მცველებმა კვლავ ვერ მიაგნეს ხერხს, რომლითაც ქართველს გააჩერებენ. მარჯვენით, მარცხენით, სირბილში თუ ადგილიდან, თუკი კვარა მოედანზეა მეტოქე შავ დღეშია.
და კიდევ ერთი: „ნაპოლის” მძლავრი შეტევის მნიშვნელოვან ფაქტორად კვარაცხელიას და ოსიმენის ურთიერთგაგება ჩამოყალიბდა. „აძურის” ეს ორი თავდამსხმელი სისტემატურად ეძებს ერთმანეთს და როდესაც პოულობს, მეტოქე განიარაღებულია. „სპეციას” კარში გატანილი მესამე გოლი ამ ურთიერთგაგების თვალსაჩინო ნიმუში იყო და მას ახსნა-განმარტება არ სჭირდება. დიახ, დრაგოვსკის კარში დარტყმული პენალტით კვარამ გოლის გატანის შესაძლებლობა წაართვა თანაგუნდელს, რომელიც ოცნებობს გახდეს სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი. გაგრძელება კი ასეთი გამოვიდა: „წკაპ” და დახატული პასი ვიქტორს, რომელმაც ბურთი კარში შეაგდო და პარტნიორს მადლობა გადაუხადა.
ლუჩანო სპალეტის გულის გასახარად ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ჩინებულად უგებს, მწვრთნელი კი მათ მოედნის კიდიდან უყურებს და ტაშისგან ხელებს იტყავებს. მიმდინარე სეზონში ეს გახლდათ ოსიმენის მეექვსე გოლი, რომელიც მან კვარას პასით შეაგდო — „ნაპოლისა” და „რომას” თამაშის შემდეგ ზედიზედ მეორე. ლაკმუსის ქაღალდი კი თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო და უფრო მაღალი დონის ურთიერთგაგებას აჩვენებს. „ბოლონია”, ორჯერ „სასუოლო”, „იუვენტუსი”, „რომა” და აი, ახლა „სპეციაც” — ეს სერია A-ს ყველაზე ლამაზად მოთამაშე წყვილის მსხვერპლთა ჩამონათვალია. 8 გოლი კვარამ გაიტანა, 16 ოსიმენმა რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაპოლის” გოლების 47% ორმა კაცმა შეაგდო.
ბრუნო მაჯორანო, „ილ მატინო”