No description available.საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2023, სამსოფლიოთასო წელს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატით იწყებს.

ტურნირი ახალი ფოემატით ტარდება: ალაფის (რანგით მეორე) დივიზიონიდან არა მისი შარშანდელი გამარჯვებული, არამედ სამი საუკეთესო გუნდი დაწინაურდა, ჩემპიონშიპიდან (სადაც ბორჯღალოსნები ბოლო 5 გათამაშება დაუმარცხებლები არიან) არავინ დაქვეითებულა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის დისკვალიფიკაციას. ჰოდა მივიღეთ ოქტეტი, რომელიც ორ კვარტეტად დაიყო. დანარჩენი შემდეგნაირად მოხდება: ა ჯგუფის გამარჯვებული ბ ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და ბ ჯგუფის გამარჯვებული – ა ჯგუფის მეორეადგილოსანს. ეს იქნება ნახევარფინალი. ასეთივე სქემით ერთმანეთს ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულებიც გაეჯიბრებიან. დაბოლოს –  საჩემპიონო, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის  ფინალები.

ლევან მაისაშვილის გუნდი ტურნირს გერმანიასთან ჯახით იწყებს, თუმცა, ალბათ სიტყვა „ჯახი“ აქ უადგილოა, რადგან ალემანები სპორტის ამ სახეობაში მოყვარულთა დონეს ძლივს სცდებიან, თუმცა, რას იზამ, უფალმა „რაგბი ევროპამ“ ასე გადაწყვიტა და…

გერმანია სუსტია. ქართველები და გერმანელები ერთმანეთს დღემდე 8-ჯერ შეხვდნენ და ყველა ეს მატჩი ბორჯღალოსნების იოლი გამარჯვებით დასრულდა. თავად განსაჯეთ: 8 შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა გერმანულს 63 (!) ლელო დაუდო და მხოლოდ 3 გაუშვა.

ასეა თუ ისე, საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის სამზადისს საქართველოს ნაკრები სწორედ ამ სუსტი მეტოქით იწყებს, თუმცა არც მეორე ტურის მოწინააღმდეგე წყვეტს ვარსკვლავებს სარაგბო ცის კაბადონიდან – ნიდერლანდები გერმანიაზე ძლიერი არ უნდა იყოს.

No description available.სჯობს ჩვენებზე ვისაუბროთ. ლაშა მალაღურაძე სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში დააბრუნეს და ვეტერანი უკანახაზელი გერმანელების წინააღმდეგ თავის მე-100 კეპს მოიხვეჭს! ეს ნიშნავს, რომ მეკო კვირიკაშვილის, დავით კაჭარავას, გიორგი ჩხაიძისა და სანდრო თოდუას შემდეგ ლაშა მეხუთე ქართველ ცენტურიონად მოინათლება!

სხვათა შორის, სასტარტო კვაჭი შალვა მამუკაშვილი და სამარქაფო მგეზავ-ფულბექი ლაშა ხმალაძე 93-93 კეპით იწონებენ თავს და არაა გამორიცხული, ცენტურიონთა მარაქაში გარევა მათაც მალე მოახერხონ.

ვინაიდან ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დისკვალიფიცირებულია, ხოლო ვიცე-კაპიტანი ბექა გორგაძე ერთი კვირით ტოპ 14-ში შეყოვნდა, მაისაშვილი დილემის წინაშე დადგა და საბოლოოდ ბექა საღინაძის კანდიდატურაზე შეჩერდა – „ლიონის“ უმძლავრესი მესამეხაზელი ავტორიტეტული კაცია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 24 წლისაა! ვულოცავთ ბექას ამ დიდ პატივს და იმასღა დავძენთ, რომ საღინაძე საქართველოს ნაკრების თითქმის 34-წლიანი ისტორიის მანძილზე მისი 34-ე კაპიტანი იქნება.

გერმანელების წინააღმდეგ ნაკრების კვართს პირველად მოირგებენ „შავი ლომის“ გარემარბი ოთარ ლაშხი, იმავე ფრენჩაიზის კვაჭი თენგიზ ზამთარაძე და „სტად ფრანსეს“ ნორჩი ბურჯი სერგო აბრამიშვილი, თანაც ლაშხი სულაც სასტარტოში იქნება!

არიან სხვა გამოუცდელებიც. მაგალითად, შუამარბი თორნიკე კახოიძე და მგეზავი ლუკა მატკავა, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე მოასწრო კარდიფის „მილენიუმზე“ უელსის ნაკრებისთვის გადამწყვეტი ჯარიმის გატანა. ჰოდა, ლუკა სასტარტოში იქნება!

მოკლედ, კვირას, 5 თებერვალს, თბილისის „ავჭალაზე“ რაგბია: საქართველო – გერმანია. დასაწყისი 13 საათზე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გერმანიის ნაკრებთან მატჩში:

  1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 5 მატჩი, 0 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 93, 55), 3. გურამ პაპიძე (პო, 5, 5), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 42, 5), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 77, 10), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 24, 15), 7. ბექა საღინაძე (კაპიტანი, ლიონი, 31, 15), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 18, 20), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 70, 73), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 2, 3), 11. ოთარ ლაშხი (შავი ლომი, 0, 0), 12. ლაშა მალაღურაძე (ყოჩები, 99, 198), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 1, 0),14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 23, 95), 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 21, 45).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 0, 0), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 0, 0), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი, 1, 0), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 5, 0), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 36, 50), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 7, 0), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2, 0), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 93, 53).

No description available.