ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” იტალიის თასის მეოთხედფინალში, რომში 2:1 დაამარცხა „რომა” და ნახევარფინალში გავიდა. ლოჩოშვილი რომ ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა, იმთავითვე ცნობილი იყო. ქართველმა მცველმა აგერ უკვე მეოთხე მატჩი გამოტოვა. მას ახალი მწვრთნელის დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია.
ბალარდინი კი „რომასთან” გამარჯვებით გახარებული იყო. მან Sport Mediaset-თან ინტერვიუში თქვა: „დღეს „კრემონეზემ” დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ჩვენ ჩინებული გუნდური თამაშით ნახევარფინალში გასვლის იღბალი დავიმსახურეთ. „სტადიო ოლიმპიკოზე” უკვე კარგი დონის „კრემონეზე” ვნახეთ”.
შემდეგ სტუმართა თავკაცს ჰკითხეს ელოდა თუ არა ასეთ დაუძლურებულ „რომას”. მან უპასუხა: „მოგახსენებთ, რომ „კრემონეზესგან” არ ველოდი ასეთ თამაშს. გუნდმა ძლიერი ხასიათი გამოამჟღავნა. მე ჩემს გუნდს ვუყურებდი, „რომაზე” მისი მწვრთნელი ილაპარაკებს”.
ბოლოს კრემონელთა თავკაცს სერია A-ს დარჩენილ შეხვედრებზე ჰკითხეს.
„სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა თამაში გადამწყვეტია. ამიერიდან ყველა ტურში უნდა ვცადოთ იმ დამოკიდებულების შენარჩუნება, რომელიც დღეს გვქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სირთულეები გაიზრდება”, — უპასუხა მან.
„რომასა” და „კრემონეზეს” შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე კრემონელთა ნიგერიელმა თავდამსხმელმა სირილ დესერსმა პენალტით გახსნა, მეორე ტაიმის მეოთხე წუთზე კი რომაელმა თურქმა ზექი ჩელიქმა თავის კარში შეაგდო — სტუმრები ორი გოლით დააწინაურდნენ. მასპინძელთაგან 90+4 წუთზე ანდრეა ბელოტიმ შეამცირა სხვაობა.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილის გუნდამდე რამდენიმე დღით ადრე „რომას” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” მოუგო ჩემპიონატის თამაში — 2:1.





