Maradona: i racconti di Ottavio Bianchi e Salvatore Esposito - Eurosport
ოტავიო ბიანკი და დიდი დიეგო

„ნაპოლის” სკუდეტოს მოპოვება ნამდვილად შეუძლია —  მას19 ტურის შემდეგ კონკურენტები საგრძნობლად ჩამორჩებიან, მაგრამ იტალიის ჩემპიონობა არ არის ერთადერთი ტიტული რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ეზომება. ჩემპიონთა ლიგა — აი, კიდევ ერთი დიდი ჯილდო, რომლითაც „პარტენოპეელებს” შეუძლიათ თავიანთი „დიდების დარბაზი” დაამშვენონ. ასე მიაჩნია 79 წლის ლეგენდარულ მწვრთნელს ოტავიო ბიანკის, რომლის ხელშიც „ნაპოლი” 1986-87 წლების სეზონში სერია A-ს ჩემპიონი გახდა, იმავდროულად იტალიის თასი მოიგო და 1988-89 წლების სეზონში უეფას თასიც აღმართა. ის იყო დიდი დიეგო მარადონას თავკაცი, როდესაც „აძურიმ” პირველ წარმატებებს მიაღწია.

„ასეთ არანორმალურ ჩემპიონატს ვერც კი ვიხსენებ, — თქვა ბიანკიმ რადიო Rai 1-თან ინტერვიუში, — „ნაპოლის” არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს, გამორჩეული. უყურებ და ხედავ, რომ ფეხბურთელებში ერთსულოვნებაა, მათ გამარჯვება სწყურიათ. მოედანზე საუკეთესოები გამოდიან და მათ არანაკლებნი ცვლიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ მეკითხებით შეუძლია თუ არა ამ „ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგის მოგება? შეუძლია. იმ ანომალიური მსოფლიოს ჩემპიონატის გამო, რომელიც წლის ბოლოს ჩაატარეს, ბევრი უცხოური გუნდი ამოვარდა კალაპოტიდან. არ არსებობს ქვეყანა, რომლის ჩემპიონატშიც სირთულეები არ იყოს”.