„ვალენსიას” ცოტა დააკლდა და მიმდინარე სეზონში სტუმრად პირველ შეხვედრას დაამთავრებდა გაშვებული გოლის გარეშე — გიორგი მამარდაშვილმა რამდენჯერმე ჩინებულად ითამაშა, მაგრამ კანადელმა თავდამსხმელმა კაილ ლარინმა „ვალიადოლიდის” შემადგენლობაში თავის პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა და მისდა ბედად ეს 90-ე წუთზე შეძლო. ზოგიერთმა წყარომ შეხვედრა ასე დაახასიათა: „ლარინმა ერთი კაცის შოუ ჩაშალა”.
რეალურად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რასაკვირველია მამარდაშვილი იყო, თუმცა გასაგებია, რომ წამიერი ეფექტისა და სამი ქულის ეშხით ეს პატივი ლარინს ხვდა.
„ვალენსიამ” ცხადია ცუდად ითამაშა და როგორც „მარკა” წერს, მხოლოდ ქართველი მეკარის წყალობით შეინახა კარი მშრალად ბოლო წუთამდე. ვალენსიური გამოცემა Plazadeportiva გიორგიზე ასე წერს: „ის გუნდში საუკეთესო იყო. მან 89-ე წუთამდე დაიცვა გუნდი და ქულის წამოღებასთან ახლოს იყო”. Plazadeportiva-მ მამარდაშვილს ყველაზე მეტი, 7 ქულა დაუწერა, მაშინ როდესაც მისი თანაგუნდელებიდან საუკეთესოებმა 5 მიიღეს.
მამარდაშვილის თამაში ასევე აქო AS-მა თუმცა დასძინა, ის ძველებურად თავდაჯერებული არ იყო. ჩვენ სხვას დავეჩვიეთო. ამაზე ძველი ქართული კომედიიდან გაგვახსენდა ერთი ფრაზა: „დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას!” ნეტავ გუნდის ოთხ ეპიზოდში გადარჩენის მეტი რა უნდა ექნა მეკარეს, AS-ის შემფასებელთა დაუნანებელი ქება რომ დაემსახურებინა?
აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ” პირველ ტაიმში უკეთ ითამაშა, ვიდრე მეორეში. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ „ღამურებმა” მეორე ტაიმში კატასტროფული ფეხბურთი აჩვენეს, რაც შესაძლოა შესვენებისას ჯენარო გატუზოსგან მიღებული არც მთლად სწორი მითითებების გამო მოხდა. ერთი ფაქტია, ვალენსიაში იტალიელის თანამდებობიდან მოხსნაზე ალაპარაკდნენ.