დღეს „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს. სერია A-ში მეორე წრე იწყება. „აძურის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თავის ყოფილ გუნდთან შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა:
…
დღეს დიდი დაპირისპირებაა, რასაც სკუდეტოსთვის ბრძოლა განაპირობებს. გარდა ამისა წინ გველის ფეხბურთელების სანახაობრივი ორთაბრძოლები. „ნაპოლი” იმ ველომრბოლს ჰგავს, რომელმაც იცის, რომ სხვა, შესაძლოა თავისზე ძლიერ მრბოლებთან უწევს შეჯიბრება და ამიტომ პედლები ფეხზე მდგარმა უნდა ატრიალოს, დაჯდომის უფლება არ აქვს.
…
ჩემს მდგომარეობაში მწვრთნელმა თავისი მოთამაშეები უნდა შეაქოს, მითუფრო, რომ ბოლო ტურში, საკმაოდ რთულ დერბიში მოვუგეთ „სალერნიტანას”, რომელიც შემდეგ წავიდა და ლეჩეში გაიმარჯვა. ჩვენს მიდგომაში არაფერის შეცვლა არ შეიძლება. ის, რასაც აქამდე მივაღწიეთ შესანიშნავი თამაშის და თავმდაბალი ქცევის შედეგია. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ლიდერობის ხიბლისგან და რეალობას შევხედოთ. მთავარია, როგორც აქამდე, ამის მერეც სრული სერიოზულობით მივუდგეთ ვარჯიშებს.
…
„რომას” ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინერცია ჩვენს მხარესაა. მათ გუნდში თამაშობს პაოლო დიბალა, რომელსაც თანაგუნდელების საუკეთესო თვისებების გამოყენება შეუძლია. მეტოქემ კარგად იცის როგორ აგოროს ბურთი და როგორ სდიოს მას. „რომა” არის გუნდი, რომელსაც გააზრებული აქვს რა უნდა და იცის როგორ მიაღწიოს მიზანს. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მისი ფეხბურთელების შორეულ დარტყმებს. ძალიან მნიშვნელოვანია დაკარგული ბურთი იქვე დავიბრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაცვა უკვე ამ ადგილიდან უკვე ძალიან შორს, ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს მოგვიწევს. გაიხსენეთ, როგორ გაუტანა „რომამ” „სპეციას”. ეს არის გუნდი, რომელსაც უმცირესი უპირატესობის გამოყენება ეხერხება. ის სახიფათოა ჯარიმების და სხვა სტანდარტული მდგომარეობების დროს. და ეს ყველაფერი ჟოზე მოურინიუს მუშაობის ნაყოფია. ჩვენ მეტოქეს კარგად ვიცნობთ და პირიქით.
…
გასულ ზაფხულს თავი სხვაზე ნაკლებ გუნდად არ მიგვაჩნდა. ვგეგმავდით წინა ჩემპიონატში დაკავებული პოზიციის (მესამე ადგილი) გაუმჯობესებას. შემდეგ გვქონდა კარგი სტარტი და ვიგრძენით, რომ ასეც უნდა გაგვეგრძელებინა. ჩვენ არ ვაკვირდებით გარშემო ლანდშაფტს, მხოლოდ წინ, გზას ვუყურებთ. თუ ლანდშაფტს შეხედავ, ველოსიპედიდან ჩამოვარდები და გეტკინება, რაც ადრე დამმართვია.
…
რაჰმანიმ და ლობოტკამ ძალიან გააუმჯობესეს თამაში, ელმასი კი ის კაცია, ვინც საკუთარი თავი მოძებნა და კარგად იცის როგორ აჩვენოს საუკეთესო თვისებები ნებისმიერი მატჩის ნებისმიერ მომენტში. გოლინი ძალიან ძლიერი მეკარეა, რომელსაც სირთულეები გადახდა, მაგრამ ახლა ძველებურად სიმშვიდე უნდა მოიპოვოს და ამით ყველანი მოვიგებთ. ძალიან გვიხარია ის რომ შემოგვემატა.
…
მოურინიუ რამდენიმე დღის წინ 60 წლის გახდა. მეწყინა რომ არ დამპატიჟა. რომ დავეპატიჟებინე, ვესტუმრებოდი და საჩუქარსაც მივუტანდი… სერიოზულად კი ის არის მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. მე მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
…
ფრანჩესკო ტოტის თუ შევხვდებოდი? (სპალეტისა და ტოტის შორის მწვრთნელის „რომაში” მუშაობის დროს შავმა კატამ გაირბინა) რა საკვირველია. თუკი მას უნდა ჩემთან შეხვედრა, მე რატომ უნდა გავექცე ამ შეხვედრას? როგორ არა, მეც შევხვდებოდი”.