ავენიდა დე სუეციაზე დოლების ხმა გაისმება. „ვალენსიას” ფანებს მოთმინების ფიალა აევსოთ და კვლავ მობილიზაციას აცხადებენ. მზადდება ქუჩის აქციები პიტერ ლიმისა და „მერიტონ ჰოლდინგის” წინააღმდეგ. წინა სეზონში დემონსტრაციები ათეულობით ათასი ადამიანის მთავარი იარაღი იყო.
ქომაგთა დაპირისპირებული ჯგუფები გაერთიანდნენ ასეთი ლოზუნგის გარშემო: „ვალენსიას ღირსებისათვის! ლიმ, წადი სახლში!”.
2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართა მასშტაბური მანიფესტაცია, რომელშიც 17 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იყო „სელტასთან” შეხვედრა, რომლის დროსაც ეგრეთწოდებული ვალენსიანიზმის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, გულშემატკივარი პროტესტის ნიშნად არ მივიდა სტადიონზე. შემდეგ, იმართებოდა საპროტესტო აქციები უშუალოდ ტრიბუნებზე, მატჩების დროს, რასაც მეპატრონეთა მხრიდან ტაქტიკური უკანდახევა მოჰყვა — თანამდებობიდან გაათავისუფლეს აღმასრულებელი დირექტორი ანილ მურთი და შტაბის რამდენიმე თანამშრომელი, რამაც ხალხი გარკვეული ხნით დააწყნარა. და აი, ხუთშაბათს, სამეფო თასის მეოთხედფინალში, შინ, „ბილბაოსთან” 1:3 დამარცხების მერე გულშემატკივართა მოთმინების ფიალა კიდევ ერთხელ გაივსო. ქომაგებს ილუზია გაუქრათ.
ბოლო დროს მისუსტებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ტექსტი: „გულშემატკივრები არ ვაპირებთ ლიმს მივცეთ „ვალენსიას” მოკვლის საშუალება და ვაცხადებთ, რომ 11 თებერვალს, როდესაც გუნდი ლა ლიგაში „ბილბაოს” შეხვდება, გავმართავთ საპროტესტო აქციას, რომლის დროსაც მოვითხოვთ, პრეზიდენტმა ლაიჰუნ ჩანმა და მეპატრონემ პიტერ ლიმმა გაყიდონ კლუბის აქციები. გარდა ამისა, ადგილობრივ პოლიტიკოსებს მოვთხოვთ შეხვდნენ „მერიტონის” წარმომადგენლებს და კლუბის გადარჩენაზე დაელაპარაკონ”.
მეტ დეტალებს აქციის ორგანიზატორები მოგვიანებით გვეტყვიან, მას მერე, რაც პროტესტს გულშემატკივართა სხვა ჯგუფებიც შეუერთდება.
პიტერ ლიმისა და „მერიტონის” წინააღმდეგ ხმა აიმაღლა ლეგენდარულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა და მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელმა მარიო კემპესმა, რომელიც „ღამურებში” 1976-81 და 1982-84 წლებში თამაშობდა.
„ცხადი იყო, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ინსტიტუციური პრობლემები ზეგავლენას მოახდენდა არა მარტო გულშემატკივრებზე, არამედ გუნდის თამაშზე. მე ერთი წამით არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პროტესტის დროს უნდა დაზიანდეს ინფრასტრუქტურა ან თავს დაესხან ფეხბურთელებს. ისინი „ვალენსიას” ღირსებას იცავენ. კლუბის არასწორი მართვით უპირველეს ყოვლისა სწორედ ფეხბურთელები დაზარალდნენ. გული მტკივა, რომ ჩემი საყვარელი კლუბი ასეთ მძიმე პერიოდს გადის, მაგრამ მწამს, რომ დადგება დღე, როდესაც ყველაფერი გამოსწორდება”, — დაწერა კემპესმა ინტერნეტში.
დიდი არგენტინელი ფორვარდის პოზიცია ახალი არ არის. ლიმის ოპოზიციაში ყოფნა მას კლუბის ელჩობად დაუჯდა. კემპესმა აგრეთვე დაწერა, რომ უკვე წლებია ვალენსიანიზმის ყველა მიმდინარეობას, ყველა ჯგუფს სთხოვს გააერთიანონ ძალები და ერთად იმოქმედონ საყვარელი კლუბის სასიკეთოდ.