გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბილბაოსთან” სამეფო თასის მეოთხედფინალში არეული და უთავბოლო იყო. აქედან შედეგიც: 1:3. თან შეხვედრა „მესტალიაზე” ჩატარდა. „მარკამ” მატჩი ერთ აბზაცში აღწერა განსაკუთრებით კარგად:

„შავ-თეთრებს უნდოდათ თამაშის ბედი ბურთის ფლობით გადაეწყვიტათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებული არ გამოდგა. „ბილბაომ” პრესინგი მოუწყო და პირველივე მანევრების შესაძლებლობა შეუზღუდა, ისინი კი თავიანთი მწვრთნელის იდეებს ერთგულებდნენ — ცენტრალური მცველები მდგომარეობიდან გამოსვლას მამარდაშვილის სიახლოვეს ცდილობდნენ, რის გამოც  ტრიბუნებიდან უკმაყოფილო შეძახილები ისმოდა”.

ლოგიკურად, ბურთის ფლობა მაშინ არის ეფექტური, როდესაც გუნდი საგოლე კომბინაციას მეტოქის ნახევარზე ამზადებს და არა მაშინ, როდესაც საკუთარ საჯარიმოში მჭიდროდ შემოჯარული მეტოქეებისგან თავის დასაღწევად წვალობს, ცენტრს იქით კი მწყობრად საერთოდ ვერ გადადის. რის გამო ხდება ასე, ფეხბურთელებს არ ჰყოფნით ოსტატობა თუ ჯენარო გატუზოს არ ჰყოფნის ხელმძღვანელის ნიჭი, ძნელი სათქმელია. ალბათ ორივე მიზეზი თავის როლს ასრულებს. ერთი კი ფაქტია, რომ „ბილბაომ” მამარდაშვილს სამი „პენალტი” დაურტყა — ერთი ნამდვილი, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში მცველებმა ბურთი მანამდე აწვალეს, სანამ ის თერთმეტმეტრიანის ნიშნულის სიახლოვეს მდგომ მეტოქეს არ მიუვიდა და ძლიერი დარტყმით კარის ბადე კინაღამ გაწყვიტა.

ანგარიში 35-ე წუთზე ბილბაოელმა იკერ მუნიაინმა გახსნა, 43-ე წუთზე ოსკარ დე მარკოსმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა და წონასწორობა აღდგა, მაგრამ შესვენებამდე ნიკო უილიმსმა კვლავ მოახერხა ბასკების დაწინაურება. მეორე ტაიმში, 74-ე წუთზე, მიკელ ვესგამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით მესამე გოლი გაიტანა.

„ბოლო იმედის” შეხვედრაში დამარცხება (ლიგაში ცუდად მოასპარეზე „ღამურები” თასს უმიზნებდნენ) ვალენსიელმა გულშემატკივარმა ვერ აიტანა და ჯერ კიდევ ტრიბუნებზე აფრიალა თეთრი ცხვირსახოცები. მოთამაშეებს და მწვრთნელებს ობსტრუქცია მოუწყვეს. ისმოდა კლუბის სინგაპურელი მეპატრონის პიტერ ლიმის საწინააღმდეგო შეძახილები.

მატჩის დამთავრების შემდეგ ფანები შინ არ წავიდნენ, ისინი Avenida de Suecia-ზე დარჩნენ. აქ აქციამ მკვეთრად ლიმის საწინააღმდეგო სახე შეიძინა. „მარკა” წერს, რომ ამის შემდეგ გატუზო სავარაუდოდ სრულიად დაბნეულია, ხოლო მოთამაშეები ტელეკამერების სიახლოვეს არ გამოჩენილან. არ გამოჩენილა თვით კაპიტანი ხოსე ლუის გაიაც კი, რომელსაც ჩვეულებრივ ხალხის წინაშე გამოსვლა და ბოდიშის მოხდა ეხერხება.