კვირას „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს, ლუჩანო სპალეტი — თავის ყოფილ გუნდს. ჟოზე მოურინიუს „წითელ-ყვითლები” გაშვებული გოლების რაოდენობით სერია A-ში მესამე პოზიციაზე არიან. ასეთ დროს წერენ, რომ გუნდის დაცვა ლიგაში სიძლიერით მესამეა. პირველ ადგილზე „ნაპოლი” გახლავთ. calcionapoli1926 ამბობს, რომ ახლა „აძურისთვის”, რომელიც პირველი წრის შემდეგ 50 ქულით ცხრილში ლიდერია, ნამდვილი უკუთვლა იწყება. Eurosport.it-ს ნეაპოლელთა და რომაელთა საინტერესო სტატისტიკა მოჰყავს:
„ნაპოლისა” და „რომას” ბოლო 9 დაპირისპირებიდან „აძური” 8 შემთხვევაში დაუმარცხებელი გამოვიდა — 5 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა. „რომამ” ბოლოს 2019 წლის 2 ნოემბერს „სტადიო ოლიმპიკოზე” მოიგო 2:1.
„ნაპოლისა” და „რომას” შორის ნეაპოლში გამართული ბოლო 4 შეხვედრიდან „რომას” ერთიც არ მოუგია — ორჯერ „ნაპოლიმ” გაიმარჯვა, ხოლო 2 თამაში ფრედ დამთავრდა. იმავდროულად, „პარტენოპეელებს” „ჯალოროსისთან” ზედიზედ ხუთი დადებითი შედეგი 1989-95 წლების შემდეგ არ ჰქონიათ. იმხანად ზედიზედ 7 დადებითი შედეგი ჰქონდათ.
„კალჩოპოლის” სეზონებს თუ გამოვაკლებთ, ის, რაც მიმდინარე ჩემპიონატში „ნაპოლიმ” გააკეთა სერია A-ს ისტორიაში მეხუთე შემთხვევაა — პირველი 19 მატჩიდან 16 ან მეტი მოიგო. „ნაპოლიმდე” ეს შეძლეს „იუვენტუსმა” (1949-50, 2013-14, 2018-19) და „ინტერმა” (2006-07).
რაც შეეხება არა მარტო სერა A-ს არამედ ყველა შეჯიბრებას ერთად, ევროპის ტოპ-ხუთ ლიგაში „რომაზე” ნაკლები გოლი მხოლოდ „ნანტს” აქვს გაშვებული.