Gennaro Gattuso, Manager of Valencia CF reacts during the LaLiga Santander match between Valencia CF and UD Almeria at Estadio Mestalla on January...„ბილბაოსთან” შინ, სამეფო თასის მეოთხედფინალში 1:3 წაგების შემდეგ, „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს კონფერენციაზე ასე ილაპარაკა:

რა მოუვიდა გუნდს?

ბოდიშს ვუხდი „მესტალიაზე” მოსულ 45 000 გულშემატკივარს. ჩვენ შეშინებულები ვთამაშობდით, ხოლო როდესაც გუნდი შეშინებული თამაშობს, პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა იკისროს. თუ თასის მეოთხედფინალში ასე თამაშობ, პირველი დამნაშავე მწვრთნელია. მთელი 96 წუთის განმავლობაში გუნდი წარმოუდგენლად შეშინებული იყო. ყველაფერს შიშით ვაკეთებდით. ასეთი მატჩის შემდეგ ლაპარაკი ძნელია. ჯერ დაწვრილებით უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა. მე ჯერ ფეხბურთელებს უნდა დაველაპარაკო და ვკითხო რა მოუვიდათ. პირველივე წინააღმდეგობაზე გატყდნენ. ხვალ მინდა მოვისმინო რა მოხდა.

მეპატრონის, პიტერ ლიმის ბრალი

თავის გამართლება არ მჭირდება. დიახ, ნიკო დაშავდა და კლუბს სატრანსფერო ბაზარზე რამე უნდა ეღონა. ოთხი კვირა ველოდი, რომ რაღაც გადაწყდებოდა, მაგრამ სამუშაო მაინც მე უნდა გავწიო. პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზეა, რადგან შემადგენლობას მე ვარჩევ. და ჩემთვის ცხადია, რომ მთავარი პრობლემა მენტალობაშია. ჩვენ გვეშინია.

მე ფიქრობ კლუბზე, მის დიდ ისტორიაზე და ვხედავ, რომ აქ გატუზოს ბედზე ზრუნვა მთავარი არ არის. ჩემი ამოცანაა მოვიფიქრო, როგორ გამოვიყვანო გუნდი ამ მდგომარეობიდან. მე კლუბი მადარდებს და არა ჩემი თავი.

ედინსონ კავანის შეცვლა

ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ჩვენ არაფერს ვაკონტროლებდით. ამიტომაც, გადავწყვიტე კავანი გამეყვანა, რადგან მალე კიდევ ერთი „ფინალი” გველის „ვალიადოლიდთან” (კვირას, 29 იანვარს, ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩი) და შეტევაში დიდძალი ენერგია დაგვჭირდება.

გუნდს რწმენა სჭირდება

მე წამყვანი ფეხბურთელების გუნდს ვერ გამოვცვლი. უნდა მოვისმინო, რა ხდება. ორ-სამ დღეში რადიკალურად ვერაფერს შეცვლი. უშანსოდ ვიყავით. უხარისხოდ ვითამაშეთ, გეგონება ფეხბურთელებმა პირველად ნახეს ერთმანეთი.

გადადგომა

სირთულეებისგან გაქცევა ჩემი სტილი არ არის. ამწუთას ფეხბურთელებთან სალაპარაკო მაქვს. მათ ვენდობი, ვიცი რასაც ფიქრობენ. როდესაც კლუბი ახალ მოთამაშეებს არ ყიდულობს, ადვილია თქვა, რომ ყველაფერი ამის ბრალია და გაიქცე, მაგრამ მე მოთამაშეებს რომელთაც ვავარჯიშებ, პატივს ვცემ.

მესტალიას პროტესტი

როდესაც ამდენი ხალხის წინაშე ასე ცუდად თამაშობ, კრიტიკას უნდა ელოდო და პატივი სცე, თუმცა ჩემი ფილოსოფიის შეცვლას არ ვაპირებ. კრიტიკა არ მახარებს, მაგრამ გულშემატკივრის ემოციას პატივს ვცემ.

პირობა, რომ გუნდი არ გავარდება

ჯადოქარი არ ვარ. მე შემიძლია მხოლოდ პროფესიონალიზმის გარანტია მოგცეთ. მე და ჩემს შტაბს შეგვიძლია დღეში 14-15 საათი ვიმუშაოთ.

გადავერთოთ ჩემპიონატზე

ადვილი სათქმელია, რომ ახლა ლა ლიგაზე უნდა გადავერთოთ, მაშინ როდესაც სამეფო თასის ფინალში თამაშის შესაძლებლობა გვქონდა. ჯობდა ნახევარფინალში გავსულიყავით.