დღეს „ვალენსია” და „ბილბაო”, ჯენარო გატუზო და ერნესტო ვალვერდე სამეფო თასის ნახევარფინალში გასასვლელად შეებრძოლებიან ერთმანეთს, თუმცა AS წერს, რომ ფსონი უფრო დიდია. ორივე მწვრთნელს აქვს საათნახევარი (პლუს, თუ საჭირო იქნება დამატებითი დრო და პენალტები) თავისი პროექტის სერიოზულობის დასამტკიცებლად — გატუზომ „მესტალიაზე” უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება, ვალვერდემ კი „სან მამესზე”.
ესპანური გაზეთი მართალია. ერთი შეხედვით ამ ერთმა თამაშმა ისეთი რა ეფექტი უნდა მოახდინოს მთელი სეზონის შთაბეჭდილება რომ გადაფაროს, მაგრამ მეორე მხრივ სათასო შეხვედრებს, განსაკუთრებით შეჯიბრების ბოლო ეტაპებზე, მწვრთნელების გადარჩენა შეუძლიათ — ბოლოს და ბოლოს ხელის გაწვდენაზე უახლოვდებიან ტიტულს.
გატუზოს და ვალვერდეს კი არ არის გამორიცხული, მართლა გადასარჩენად ჰქონდეთ საქმე. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ესპანეთში სწორედ „ვალენსია” და „ბილბაო” არიან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე ნირწამხდარი გუნდები.
დღევანდელ შეხვედრას აქვს წინაისტორია და როგორც AS წერს, ბრაზისა და თასის გემო. ესპანეთის სამეფო თასი ის ჯილდოა, რომელიც ორივე კლუბს არაერთხელ აქვს მოპოვებული — „ბილბაოს” 23-ჯერ, ხოლო „ვალენსიას” რვაჯერ. „ვალენსია” წინა გათამაშების ფინალისტია, რომელიც ბოლო ექვს წელიწადში ორჯერ მივიდა ბოლომდე — 2019 წელს გაიმარჯვა კიდეც. 2016 და 2018 წლებში „ღამურები” ნახევარფინალშიც იყვნენ.
„ბილბაო” 2020 და 2021 წლებში გავიდა ფინალში, ბოლო გათამაშებაში კი ნახევარფინალში სწორედ „მესტალიაზე” დამარცხდა.
ერთი სიტყვით, თასს ორივე გუნდი ებღაუჭება, თუმცა „ვალენსიას” უპირატესობა” აქვს — ის შინ თამაშობს. AS წერს, რომ ქალაქში დიდი აჟიოტაჟია. ლეგენდარული სტადიონი დღეს საღამოს უეჭველად სავსე იქნება. გუშინ გასაყიდად 300 ბილეთიღა იყო დარჩენილი.
„გულშემატკივრისგან არაფერს ველი. ვფიქრობ, ეს ჩვენ უნდა გავუხაროთ მათ გული,” — თქვა გატუზომ პრეს-კონფერენციაზე.