„კორიერე დელო სპორტი” რომაული გაზეთია და ამიტომ „ნაპოლისა” და „რომას” კვირის დაპირისპირებას გამორჩეულ ყურადღებას აქცევს. კერძოდ, გაზეთი წერს, რომ კასტელ ვოლტურნოში, „ნაპოლის” ბაზაზე, გუშინდელ ვარჯიშზე საგანგებოდ ორი მოთამაშის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ბრაზილიელი ჟუან ჟესუსის მდგომარეობა აინტერესებდათ. მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ ბოლო ტურის შეხვედრა „სალერნიტანასთან” და მანამდე სათასო მატჩი „კრემონეზესთან” გრიპის გამო გამოტოვა.
ხვიჩამ გამოჯანმრთელების შემდეგ ჯერ თანაგუნდელებთან დარბაზში, ტრენაჟორებზე ივარჯიშა, შემდეგ კი მოედანზე ინდივიდუალური ათლეტური სამუშაო შეასრულა. 31 წლის ჟესუსი მთელი ვარჯიშის განმავლობაში გუნდთან ერთად იყო.
ამრიგად, „კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით ბრაზილიელი მცველი სრულიად გამოჯანმრთელებულია და ამ მდგომარეობასთან ძალიან ახლოს არის კვარაცხელიაც. მოსალოდნელია, რომ შემდეგ ვარჯიშს ქართველი უკვე თავიდან ბოლომდე გუნდთან ერთად ჩაატარებს.