გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ალმერიასთან” 2:2 ითამაშა. როგორც AS წერს, საკმარისია მეტოქემ სტრატეგია შეიმუშაოს და ჯენარო გატუზოს გუნდი შუშის ნაკეთობასავით იმსხვრევა. იმავე გაზეთის მტკიცებით, „ჩეებმა” ამ შეხვედრაში მრავალჯერ დაშვებული შეცდომები გაიმეორეს, თავად იტალიელი მწვრთნელიც კი სახტად დარჩა. კერძოდ, ლაპარაკია სტანდარტულ მდგომარეობებზე.

შემდეგ AS-ს მოჰყავს სტატისტიკა: მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” მიერ გაშვებული გოლების 45% სტანდარტულებიდან იყო. უფრო ზუსტად, 20 გოლიდან „ღამურებმა” 9 სტანდარტული მდგომარეობიდან გაუშვეს, მათგან 4 — კუთხურიდან. დარჩენილი 5 გოლიდან სამი ჯარიმა იყო ხოლო ორი პენალტი.

„სტანდარტულებზე დღეს დილით, თამაშის წინაც ვივარჯიშეთ, მაგრამ მოვედით სტადიონზე და გაირკვა, რომ ამაოდ”, — თქვა გატუზომ.

„ალმერიასთან” შეხვედრაში „ვალენსიას” კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ბელგიელმა ლარგი რამაზანიმ მამარდაშვილისგან მარჯვენა ძელს გაარტყა. გიორგიმ კუთხე გამოიცნო. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, პირველი, ვაგლახ, კვლავ კუთხურიდან გახლდათ (ჩუმიმ თავურით გაიტანა), მეორე კი ფრანსისკო პორტილიომ საჯარიმოს შიგნიდან შეაგდო — მან ისარგებლა იმით, რომ „ვალენსიას” დაცვა უხეშად შეცდა, ბურთი დაკარგა. „ალმერიას” ორივე გოლი საპასუხო გახლდათ. პირველი ჯასტინ კლუივერტის, ხოლო მეორე ხოსე გაიას შედეგიანი დარტყმის პასუხი გახლდათ.

„მარკა” ხაზს უსვამს, რომ 18 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-12 ადგილზე მყოფმა „ვალენსიამ” შინ, „მესტალიაზე” 10 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან მარტო 4 მოიგო, ამდენივე წააგო და 2 ფრედ ითამაშა.

„ვალენსიას” შემდეგი მატჩი ხუთშაბათს აქვს, თასზე „ბილბაოს” მასპინძლობს, ხოლო ლა ლიგაში კვირას, 29 იანვარს „ვალიადოლიდს” უნდა ესტუმროს.

რაც შეეხება მამარდაშვილს, სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ალმერიასთან” მატჩში მან ერთი დარტყმა მოიგერია. სხვა მხრივ ესპანური მედია ცხელ გულზე მის თამაშზე არაფერს ამბობს — არც აქებს და არც აკრიტიკებს.