Luciano Spalletti manager of SSC Napoli during the Serie A match between Salernitana and SSC Napoli at Stadio Arechi on January 21, 2023 in Salerno,...„სალერნიტანასთან” სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში თქვა:

მერეტმა „ნაპოლის” კარი იხსნა

„ასეთი შედეგის მიღწევას ერთდროულად სჭირდება ტექნიკა და ძლიერი მენტალიტეტი. ეს მატჩები ენთუზიაზმს და პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას მოითხოვს. ყველაფერი, რაც ახლა ვახსენე საჭირო რაოდენობით უნდა გქონდეს და მერე მოედანზე სწორი რიტმის სახით გაიტანო. პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმოსთან ერთბაშად ბევრი ფეხბურთელი ქუჩდებოდა და ჩვენ შეტევის განვითარებისთვის სივრცეებს ვეღარ ვპოულობდით. საბედნიეროდ, ორმა საგოლე ეპიზოდმა თამაშის ინერცია შეცვალა, რის მერეც ჩემმა ბიჭებმა შეხვედრა საუცხოოდ გააკონტროლეს.

პირველი გოლი

ამ მომენტამდე ჩვენი თამაში ძალიან სწორხაზოვანი გახლდათ. არ იყო აფეთქებები. ტემპს ხშირად ჩამოვრჩებოდით. არადა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია შეტევის ხაზზე დარჩე და იერიშს იერიში მოაყოლო. ამის გარეშე მეტოქე თავს დაიძვრენს. საბედნიეროდ, ორი გოლის წყალობით ყველაფერი შეიცვალა. ამ გოლებმა ჩვენ გამარჯვება მოგვიტანა.

დი ლორენცო

ის ჩვენი გუნდის საკვანძო მოთამაშეა. ყველა იმთავითვე შევთანხმდით, რომ ჯოვანი კაპიტნის სამკლავურს იმსახურებს. ის სამაგალითოა ვარჯიშებზე, თანაგუნდელებთან ურთიერთობაში, მოწადინებულია. ჩვენ დღევანდელი დონით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და მინდა გითხრათ, რომ სწორედ დი ლორენცო იქნება პირველი, ვინც წინ გაგვიძღვება, თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ მას გარდა სხვა სერიოზული ბიჭებიც გვყავს. ისინი მზად არიან თანაგუნდელებს დაეხმარონ და თავიანთ წილ პასუხისმგებლობას კისრულობენ.

დაღვინება, მერეტი

ფეხბურთში გული საგულეს ვერასდროს გექნება. ამის კარგი მაგალითია დარტყმა, რომელიც შეხვედრის ბოლოს ალექს მერეტმა მოიგერია. ხომ ნახეთ, თანამედროვე ფეხბურთში ორგოლიანი უპირატესობა საკმარისი აღარ არის. ნამდვილად რომ გაიმარჯვო, რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გაიტანო. ალექსს კი მადლობა მინდა გადავუხადო. საათნახევრიანი არაფრის კეთებისა და წყლის სმის შემდეგ ასეთი დარტყმის მოგერიება იმას ნიშნავს, რომ ის ბოლო წამამდე ყურადღებით იყო. არადა, წინა ღამით პატარა სიცხე ჰქონდა.

ჩვენი გუნდისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია დაღვინება. შეხვედრას თავი საუცხოოდ გაართვეს მარიო რუიმ, კიმმა და რაჰმანიმ. მათ გაუმართლებელი რისკი ერთხელაც არ გაუწევიათ.

სკუდეტო

სწორია ამ თემას რომ წამოჭრით ხოლმე. თავად კარგად მოგვეხსენება, რომ იშვიათი შანსი მოგვეცა. ამიტომ ადექვატურადაც უნდა მოვიქცეთ. როდესაც „ნაპოლის” წარმოადგენ, შენი დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი: შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ყოველთვის უნდა იყო ჩვენი სტილის ერთგული, უნდა დარჩე მოკრძალებულ ადამიანად და პროფესიონალად”.