ინგლისში ვარაუდობენ, რომ ჰარი კეინი და „მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ძალიან მოუხდებიან. არც ის არის საიდუმლო, რომ „იუნაიტედი” ზაფხულს ელოდება, რათა „ტოტენჰემს” კეინზე ვაჭრობა დაუწყოს. თავად თავდამსხმელისთვისაც დრო არის ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელშიც ტიტულებს მოიპოვებს, თორემ უკვე 29 წლისაა და შეიძლება კარიერა „მშრალად” ჩაამთავროს.
„დეილი მეილი” წერს, რომ ეს ამბავი ძალიან ჰგავს ტედი შერინგემის ისტორიას, როდესაც თავდამსხმელი სწორედ „ტოტენჰემიდან” გადაბარგდა „იუნაიტედში” და იქ სამჯერ პრემიერლიგის ჩემპიონი, ერთხელ ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელი და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. რასაკვირველია, დღევანდელი „მანჩესტერი” არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-ნების დასაწყისში იყო, მაგრამ ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით პროგრესის გზას ადგას.
ამრიგად, კეინსა და „იუნაიტედს” ერთმანეთი აინტერესებთ და არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში პრემიერლიგის ბაზარზე დიდი გარიგება შედგეს, მაგრამ როგორც ამბობენ, „მანჩესტერ იუნაიტედი” სულაც არ არის ერთადერთი დიდი კლუბი, რომელსაც ინგლისის ნაკრების კაპიტნის გადაბირება უნდა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „ოლდ ტრეფორდზე” 29 წლის ფეხბურთელის გამოჩენა უცხო ხილი არ არის. სწორედ 29 წლის იყო ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი, როდესაც მანჩესტერში ჩავიდა და საკვანძო ფეხბურთელი გახდა. სხვა საქმეა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის ხელში ვან პერსიმ ძველებურად ვეღარ გაიბრწყინა.
„დეილი მეილი” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” შეიძლება სხვა ხერხს მიმართოს და ფული ახალგაზრდა თავდამსხმელში დახარჯოს, თუმცა ახალგაზრდასაც აქვს თავისი მინუსები: ანტონი მარსიალი, მაგალითად „მონაკოდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგების შემდეგ აგერ უკვე შვიდწელიწადნახევარია ვერა და ვერ გაიხსნა.
თუ „იუნაიტედმა” კეინი შეიძინა, დიდი შანსია გუნდს სამი-ოთხი სეზონის განმავლობაში ძლიერი შეტევა გარანტირებული ჰქონდეს.
მაგრამ, ეყოფა „ტოტენჰემიდან” კეინის გადაბირებას 100 მილიონი გირვანქა?