ცნობილია ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალის წყვილები და შეხვედრების დრო. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა თითო თამაშით. მასპინძელი წილისყრამ ბრმად დაასახელა — შინ თამაშობს გუნდი, რომელიც კალათიდან პირველი ამოვიდა.
ნახევარფინალები უკვე ორმატჩიანი იქნება.
ყველაზე დიდი ყურადღება მადრიდული გუნდების „რეალისა” და „ატლეტიკოს” დაწყვილებამ მიიპყრო. ისინი სამეფო თასზე 42-ჯერ შეხვედრილან. ამ თამაშებიდან „რეალმა” 17 მოიგო, 11-ჯერ გაიმარჯვა „როხიბლანკომ”, 14 დაპირისპირება კი ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა არის 57:45 „თეთრების” სასარგებლოდ. მატჩი ხუთშაბათს, 26 იანვარს „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდება.
კიდევ ერთი წყვილია „ოსასუნა” — „სევილია”. ამ ორი გუნდის დაპირისპირება უპირველეს ყოვლისა იმითაა საინტერესო, რომ თამაშის დღეს, ოთხშაბათს, 25 იანვარს, პამპლონაში 3 გრადუსი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი.
ოთხშაბათსვე, 25 იანვარს, „კამპ ნოუზე” ითამაშებენ „ბარსელონა” და „რეალ სოსიედადი”.
ქართველი გულშემატკივრისთვის კი საინტერესოა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას” ამბავი. „ღამურებს” წილისყრამ „ბილბაო” არგუნა. თამაში ვალენსიაში, „მესტალიაზე” ხუთშაბათს, 26 იანვარს გაიმართება.