„იუვენტუსს” მძლავრი დარტყმა მიაყენეს: იტალიის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატში გუნდისთვის 15 ქულის დაკლება ბრძანა. დაისაჯნენ კლუბის ტოპ მენეჯერებიც: ორწელიწადნახევრით საფეხბურთო საქმიანობას უნდა ჩამოშორდეს ფაბიო პარატიჩი, ორი წლით ანდრეა ანიელი და მაურიციო არივაბენე, წლითა და ოთხი თვით ფედერიკო ჩერუბინი, ხოლო რვა თვით პაველ ნედვედი, პაოლო გარიმბერტი, ენრიკო ველანო, ასია ვენიერი, კეიტლინ ჰიუზი, დანიელა მარილუნიო და ფრანჩესკო რონკალიო. მათი დასჯის მოთხოვნა გაეგზავნა ფიფასა და უეფასაც. „იუვენტუსი” გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მიზეზი: 2019 წლის 30 ივნისის, 2020 წლის 30 ივლისისა და 2021 წლის ერთი კვარტლის ფინანსურ ანგარიშებში კაპიტალის ყალბი მიწერა, რამაც კლუბს რეკაპიტალიზაციისთვის თავის არიდებისა და ზარალის შემცირების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, „იუვენტუსმა” შეიქმნა იმ წლების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობები ანუ მაქინაციები პირდაპირ შეეხო სპორტულ მხარეს და ქულების დაკლებაც ამით აიხსნება. დამსჯელთა მთავარი ამოცანა გუნდისთვის ევროთასებზე გასვლაში ხელის შეშლა იყო. დასჯის შემდეგ, სერია A-ს მიმდინარე ცხრილში „ბებერი ქალბატონი” მეათე ადგილზეა და კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ მეექვსე ადგილს 12 ქულით ჩამორჩება.