ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილმა და მისმა „ვალენსიამ” სტუმრად იოლად დაამარცხეს „ხიხონი” — 4:0. გიორგის მთელი შეხვედრის განმავლობაში ნახტომი არ დასჭირვებია, თუმცა იმ ეპიზოდებში, როდესაც მასპინძლები „ჩეების” მიხრჩობას საჯარიმოსთანვე ცდილობდნენ, მცველები თამამად უგორებდნენ ბურთს და ფეხით თამაშის კარგი პრაქტიკა მიიღო. მამარდაშვილი ერთი-ორჯერ გამოსვლაზეc ჩაერთო საქმეში.
12 დღის წინ „კადისთან” დამარცხების შემდეგ, „ღამურები” მოყოჩაღდნენ — ჯერ იყო და საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში კარგად ითამაშეს „რეალის” წინააღმდეგ, რომელთანაც პენალტების სერიაში დამარცხდნენ, შემდეგ კი, აგერ, სეგუნდა დივიზიონის „ხიხონს” ცალი ფეხით აჯობეს.
ოთხიდან ორი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა, თითო კი ჯასტინ კლუივერტმა და სამუელ ლინომ შეაგდეს.
„ვალენსია” თასისთვის იბრძოლებს. გასულ სეზონში ის ფინალისტი იყო და პენალტების სერიაში დამარცხდა.
შეხვედრაში იყო ერთი სახალისო ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა მანუერა მონტერომ მეორე ტაიმის დაწყების სიგნალი მაშინ მისცა, როდესაც „ხიხონის” მეკარე და კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯერ გასახდელიდან მოედანზე არ იყვნენ დაბრუნებულები. არბიტრს თამაშის შეჩერება და მობოდიშება მოუხდა.