Napoli ran riot against rivals Juventus, sending a warning to their title competitors with a 5-1 winიმას, თუ რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიაზე, „ნაპოლიზე” და ზოგადად სერია A-ზე ჩვენ ყოველდღიურად ვეცნობით, მაგრამ შედარებით იშვიათად მიმოვიხილავთ სხვა ქვეყნების, თუნდაც ინგლისური პრესის მოსაზრებებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ინგლისელები სხვათა ჩემპიონატებს დიდად არ დაგიდევენ და მარტო თავიანთი ამბები აინტერესებთ.

„დეილი მეილმა” იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი გრძელი სათაურით: „ხვიჩა კვარაცხელიამ ბეჭედი დაუსვა, რომ ლიგის მთავარი ვარსკვლავია, ლაუტარო მარტინესმა „ინტერი” გააცოცხლა, „ატალანტას” აიწონა-დაიწონა კი გრძელდება”. ამ სათაურს მოსდევდა: „ათი რამ რაც სერია A-ს შესახებ შევიტყვეთ”.

წერილი იწყება იმით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სკუდეტოსთვის ბრძოლა გიჟურად გაგრძელდა, რის დასტურიც გახლავთ ის, რომ მე-18 ტურში 32(!) გოლი გავიდა. შემდეგ მოდის ზემოთ ხსენებული ათი ამბის ჩამოთვლა, რომელთაგან პირველი ესაა:

კვარაცხელია სერია A-ს მთავარი კაცია

ხვიჩა კვარაცხელიამ თითქმის მარტომ გაანადგურა „იუვენტუსი”, მოაშიშვლა „შავ-თეთრების” დაცვის სუსტი მხარეები და ფლანგებზე ოსტატობის ნაკლებობა. მისმა უშუალო მეტოქემ ფრედერიკო კიეზამ ძველებურად ვერ იყოჩაღა და რასაკვირველია ქართველს ვერ შეედრება.

კვარაცხელია დღეს იტალიაში ყველაზე საშიში გარემარბია.

„აძურის” გამარჯვება კვარას ბრწყინვალებამ განაპირობა და თუ ის ფიზიკურ ფორმას შეინარჩუნებს სკუდეტო უეჭველად ნეაპოლში ჩავა.

„ნაპოლის” გულშემატკივარს თავისი გუნდის 77-ე ნომერი უყვარს. ქალაქში აივნებიდან საქართველოს დროშებია გადმოფენილი. 

და მართალია კვარათი აღფრთოვანება თვალსაჩინოა, არსებობს ასეთი შეკითხვა: შეძლებს კი ზაფხულში კლუბი მის შენარჩუნებას, როდესაც ევროპის ტოპ-კლუბები შემოეჯარებიან”?

შემდეგი ცხრა პუნქტი ასეთია: სამუელ უმტიტიმ კვლავ აღიდგინა ფორმა და პატარა „ლეჩეში” გოლიათივით ჩანს; „ინტერი” ლაუტარო მარტინესზეა დამოკიდებული. „ვერონასთან” 3 ქულა გუნდს სწორედ არგენტინელმა მოუტანა; მ’ბალა ნძოლამ მეცხრე გოლი გაიტანა და „სპეციას” ჰაერივით საჭირო 3 ქულა შეჰმატა; „იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა, ბრაზილიელმა ბრემერმა „ნაპოლისთან” იტალიაში ჩასვლის შემდეგ უარესი შეხვედრა ჩაატარა; „ატალანტამ” „სალერნიტანას” 8:2 მოუგო, საკუთარი თავის რწმენა განიმტკიცა და მწვრთნელი დავიდე ნიკოლა მოხსნას გადაარჩინა; „ლეჩესთან” 2:2-ის შემდეგ „მილანის” მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ თქვა, რომ საშუალება რომ ჰქონოდა შესვენებისას ძალიან ბევრ ფეხბურთელს შეცვლიდა; ზაფხულში ჯანლუკა სკამაკასა და ჯაკომო რასპადორის გაყიდვის შემდეგ „სასუოლო” ცუდ დღეშია; მასიმილიანო ალეგრი შეცდა, როდესაც ფედერიკო კიეზა კვარას დაუყენა;  ვლადიმირო ფალკონე ის მეკარეა, რომელიც ბავშვობაში კინოში გადაიღეს, ახლა კი სათადარიგოთა სკამზე ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ როგორც იქნა „ლეჩეს” ძირითად შემადგენლობაშიც გამოჩნდა.