„ბარსელონას” ბევრი ფეხბურთელისთვის ეს იყო პირველი ჯილდო. ამაზე საუდის არაბეთში გამართული ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ თავად მათმა მწვრთნელმა ჩავიმ ილაპარაკა — ახალგაზრდული გუნდი გვყავს და თუ მოვიგებთ ბიჭებისთვის ეს პირველი წარმატება იქნებაო. და მართლაც, თამაში რომ დაიწყო, „ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა მოედანზე ფოიერვერკი მოაწყვეს. მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” ხაზი გაუსვა, რომ პედრის მიერ გატანილი მესამე გოლი კატალონიური გუნდის მოთამაშეებმა ისე აღნიშნეს, როგორც ჩვეულებრივ საფინალო სასტვენის შემდეგ აღნიშნავენ ხოლმე საბოლოო გამარჯვებას — მოედანზე სათადარიგოები შეცვივდნენ, არადა წინ ჯერ კიდევ 21 წუთი იყო. თუმცა, გავიდა ეს 21 წუთი და გაირკვა, რომ ბარსელონელთა სიხარული საფუძვლიანი ყოფილა. ჩავის გუნდმა მოიგო 3:1 და დამსახურებულად მოაწყო ამჯერად უკვე ნამდვილი ზეიმი.
შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდი ფინალში პენალტებით გავიდა — „ბარსამ” „ბეტისი” გამოთიშა შეჯიბრებიდან, „რეალმა” კი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”. „ბარსელონას” ყმაწვილებმა ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგაც დიდი სიხარული გამოხატეს და არც ფინალში გაიფუჭეს განწყობა.
ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი და აშკარა გმირი გახლდათ 18 წლის გავი, რომელმაც 33-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 45-ე წუთზე მეორე გოლი მისი პასით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.
მადრიდელთაგან ერთადერთი საპასუხო გოლი 90+3 წუთზე ქარიმ ბენზემამ შეაგდო, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს აღარაფერს ნიშნავდა.
„გავი ნამდვილი ცხოველია. მის ასაკში ფეხბურთელების უმრავლესობა ყმაწვილთა გუნდში გამოდის, ის კი აქ არის, დაუჯერებელ დონეზე თამაშობს, გოლები გააქვს და საგოლე პასებს აწვდის,” — უთხრა მატჩის შემდეგ „მუნდო დეპორტივოს” ვეტერანმა სერხიო ბუსკეტსმა, რომლისთვისაც ეს „ელ კლასიკო” კარიერაში 45-ე იყო. ბუსკეტსი „რეალ” – „ბარსელონას” შეხვედრებში მონაწილეობით ლეო მესისა და სერხიო რამოსს გაუტოლდა.