უკვე „ლამაზ ტრადიციად“ იქცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დარღვეულა – 15 იანვარს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის ვადა და „ჰოი, საოცრებავ“, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სფფ-ის 29 სუბიექტმა წარადგინა, რომლებიც 4 თებერვლის ყრილობაზე მივლენ და თავიანთი რჩეულს ხელის აწევით პრეზიდენტად დაამტკიცებენ.
მოკლედ, საორჭოფო არაფერია – ვინ უხელმძღვანელებს ქართულ ფეხბურთს მომავალი 4 წლის განმავლობაშიც უკვე ცნობილია…
აქ კი გთავაზობთ წერილს, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე ოთხი წლის წინ, 2019 წლის 15 თებერვალს გამოქვეყნდა.
„არაფერი განსაკუთრებული – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეორე წრეზე წავიდა. ლევან კობიაშვილი ქართულ ფეხბურთს მომდევნო ოთხი წელიწადიც უხელმძღვანელებს…
სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართულ სფფ-ის ყრილობაზე, იდეაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ყოფილიყო, თუმც ეს ყველაფერი სრული ფორმალობა გამოდგა – კობიაშვილი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ და ხმოსანი დელეგატებისთვის ასარჩევი არავინ და არაფერი იყო.
სხვათა შორის, კობიაშვილამდე ფედერაციის ბოლო ორი პრეზიდენტიც ასევე უკონკურენტო იყო – ჯერ ნოდარ ახალკაცი (ორგზის), შემდეგ ზვიად სიჭინავა. ახალკაცს ერთხელ გია ნემსაძემ აჯობა, მაგრამ მაშინდელი კურიოზული ამბავიც გეხსომებათ, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა გარკვეული გარემოებების გამო 15 წუთში გადადგომა რომ გამოაცხადა, ოთხ დღეში კი ახალკაცი ხელმეორე ვადით იმავე დელეგატებმა აირჩიეს, რომლებმაც იქამდე ნემსაძეს დაუჭირეს მხარი. მერე?..
მერე ახალკაცი მაინც წავიდა, მისი სავარძელი კი ზვიად სიჭინავამ დაიკავა… სხვათა შორის, ზვიად სიჭინავაც უკონკურენტო იყო.
არადა, გვახსოვს, რა დაგვავიწყებს: ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის არჩევას ორჯერვე დიდი ვნებათაღელვა ახლდა თან; მერე მერაბ ჟორდანიას დრო მოვიდა. მე თუ მკითხავთ, 1990 წლიდან ყველაზე ობიექტური სწორედ 1998 წლის არჩევნები იყო, როცა ერთმანეთს იმხნად ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჩივაძე და პრეზიდენტობის კანდიდატი მერაბ ჟორდანია მეტოქეობდნენ. სხვა კანდიდატებიც იყვნენ, მაგრამ ჩივაძე-ჟორდანიას შორის მეორე ტური დაინიშნა, რის დაწყებამდეც ჩივაძე დანებდა, რკინიგზელთა კულტურის სასახლის სცენაზე ჟორდანიას უხმო და გამარჯვება მიულოცა.
მერაბ ჟორდანიას მეორედ გაპრეზიდენტებაც დიდ ქარ-ცეცხლში მოუხდა. მისი კონკურენტი ბადრი პატარკაციშვილის პროტეჟე დავით პეტრიაშვილი გახლდათ, თავად ჟორდანიას კი სპორტის მაშინდელი მინისტრი კახი ასათიანი უჭრდა მხარს. სასტუმრო „მეტეხში“ გამართულ არჩევნებში რამდენიმე ხმით ჟორდანიამ იმარჯვა.
მოგვიანებით მერაბ ჟორდანია დააკავეს, ქართული ფეხბურთის საჭეთმპყრობელი კი ნოდარ ახალკაცი გახდა… გახდა რა, დანიშნეს. მერე იყო ზვიად სიჭინავა, რომელიც 2015 წელს გადადგა, იმავე წლის 3 ოქტომბრიდან კი ქართული ფეხბურთის სათავეში კობიაშვილი მოვიდა, რომელიც 15 თებერვალს, ქართული ფეხბურთის დაბადების დღეს, მეორე ვადით ისე გაპრეზიდენტდა, მისი მეტოქეობა კაციშვილს არ გახსენებია, ან რომ გახსენობოდა რა…“
მაშ, იპოვეთ ერთი განსხვავება… ქართული ფეხბურთი ისევ ერთ წრეზე დადის…