Khvicha Kvaratskhelia , Zambo Anguissa of Napoli on January 03, 2023 in Naples, Italy.შემტევი გუნდი „კატენაჩოსა” და კონტრშეტევის წინააღმდეგ — აი, ეს იქნება „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” შეხვედრა. გავიხსენოთ, რა ვნახეთ დღევანდლამდე და გადავხედოთ ორი გუნდის ისტორიას. ერთი მხრივ არის სპალეტი, ლამაზი, გამომწვევი ფეხბურთის მოყვარული და მეორე მხრივ ალეგრი ხშირად ულამაზო, სტატიკური თამაშით, მაგრამ დიდებული დაცვით (17 ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები,7 გოლი აქვს გაშვებული) და უნიკალური უნარით გაიტანოს გამარჯვების გოლი თუნდაც ისეთი შეხვედრის ბოლოს, რომელიც არაფრით დაგამახსოვრდება, — ასეთი შესავალი გაუკეთა საიტმა calcionapoli1926 წერილს რომელსაც სათაურდ დაარქვა: ნაპოლი-იუვენტუსი, რა გაიმარჯვებს გუნდური თამაში თუ ინდივიდუალიზმი?

შემდეგ, წერილში მოტანილია „კორიერე დელა სერას” ციტატა.

„სადღეისოდ ცხრილის პირველი ორი გუნდის სტატისტიკა და ნაჩვენები თამაში უზრუნველყოფს იმას, რომ მათ შეხვედრას ყველანი მოუთმენლად მოველით და გარკვეული დინამიკაც წარმოგვიდგენია. „ნაპოლი” შეუტევს, „იუვენტუსი” კი თავს დაიცავს და კონტრშეტევაზე გაამახვილებს ყურადღებას. სხვა სცენარი ნამდვილი სენსაცია იქნება. ჩვენ სპალეტის არჩევანსა და ალეგრის ტრადიციაზე ვლაპარაკობთ, თუმცა იმავდროულად ორი გუნდის ისტორიასაც ვგულისხმობთ. „ნაპოლის” ბოლო პერიოდი, სარიდან მოყოლებული ასეთია: გუნდი ინიციატივას იღებს ხელთ, თუ ახერხებს შოუს დგამს და ასე ცდილობს შედეგის მიღწევას. „იუვეს” ისტორია კი ძველია: ტრაპატონიდან ალეგრიმდე — შუაში იყვნენ კაპელო, ლიპი და კონტე — გუნდის ერთადერთი ფასეულობა არის შედეგი. გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობაც მრავლისმეტყველია: „ნაპოლის” საუკეთესო თავდასხმა ჰყავს (39 გოლი), ხოლო „იუვენტსს” საუკეთესო დაცვა — ბოლო 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

„ნაპოლი” ის გუნდია, რომელიც მეტოქის კარისკენ და კარში ყველაზე ხშირად ურტყამს. კარისკენ დარტყმების რაოდენობით „იუვე” მე-8 პოზიციაზეა. ამ პარამეტრით მას ბოლო ადგილზე მყოფი „კრემონეზეც” კი ასწრებს. რაც შეეხება კარში დარტყმებს, ამ მაჩვენებლით ტურინელები მე-7 პოზიციაზე არიან.

„ნაპოლის” ბურთის ფლობაში სერია A-ს გუნდებს შორის ბადალი არ ჰყავს. „იუვენტუსს” კი ბურთი არ აინტერესებს — მე-9 ადგილზეა. პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატის ფეხბურთელთა პირველ ოთხეულში „აძურის” სამი მოთამაშეა: კიმი, დი ლორენცი და ლობოტკა; „იუვეს” ათეულშიც კი არავინ ჰყავს”, — წერს რომაული გაზთი.