საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ბრივის“ კვაჭმა ვანო კარკაძემ 16-თვიანი პაუზის შედეგ ლელოს გატანა მოახერხა.

No description available.ტოპ 14

22 წლის პირველხაზელი ტოპ 14-ის მე-18 ტურის მატჩში 42-ე წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი მორიგ სენსაციას თანდათან უახლოვდებოდა, ამარცხებდა რა „ტულონს“. ჰოდა, თამაშის მიწურულს, 78 წუთზე, როცა მასპინძელმა ბრიველებმა ტულონელთა 5-მეტრა ხაზთან დერეფანი მოიგეს, ჩაშლილი მოლიდან ბურთი სწორედ კარკაძემ გამოიტანა და მცველებს შორის მინიმალურ ნაპრალში შეძლო გაძრომა.

ეს იყო ვანო კარკაძის მეორე ლელო ტოპ 14-ში ჩატარებულ 25-ე მატჩში. „ბრივმა“ 26:19 მოიგო და კარკაძის ლელომ ტულონელებს სანუგეშო ბონუსზე ფიქრი მოუსპო. ზემოთ ითქვა, მორიგი სენსაციაო და აი, რა ხდება „ბრივის“ თავს:  ჯერ კიდევ სამი ტურის წინ ეს გუნდი ლიგის უპირობა და გამოკვეთილი აუტსაიდერი გახლდათ, მაგრამ შობის დღესასწაულის შემდეგ „ბრივს“ სათავეში ძალიან ავტორიტეტული სპეციალისტი პატრის კოლაზო ჩაუდგა, რომლის მთავარი მიღწევა „ლა როშელის“ პრო დ2-ის კლუბიდან ევროპულ გრანდად ქცევაა. ჰოდა, კოლაზოს მოსვლა და „ბრივის“ გამოცოცხლება ერთი იყო. მისი ხელმძვანელობით ვასილ ლობჟანიძის, ვანო კარკაძისა და ლუკა ჯაფარიძის გუნდმა ბოლო სამი თამაში მოიგო და ამ მატჩებში ერთით ნაკლები ქულა დააგროვა, ვიდრე წინა 12 ტურში. ფაქტია, რომ პატრის კოლაზოს სტრატეგიული და ტაქტიკური იდეები მისმა ახალმა შეგირდებმა მალევე გაითავისეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ახლა „ბრივს“ უკვე 25 ქულა აქვს, ბოლოადგილოსან „პერპინიანს“ მთელი 7 ქულით უსწრებს, ხოლო წინ მყოფ „პოს“ ორითღა ჩამორჩება.

ჰო, ისიც ვთქვათ, რომ „ტულონში“ თითქმის მთელი მეორე ტაიმი ბექა გიგაშვილმა ითამაშა.

No description available.ლიდერი კი კვლავაც 49-ქულიანი „ტულუზია“, რომელსაც 30:7 ხსენებულმა „ლა როშელმა“ მოუგო. ატლანტიკისპირელები ლიდერს 8 ქულით ჩამორჩებიან, მათ წინ კი, „სტად ფრანსე“ განლაგდა, რომელმაც ისეთი ტემპი აკრიფა, ყველას და ყველაფერს ანადგურებს. ამ გუნდში კი გიორგი მელიქიძე გამოირჩევა, რომელიც ზედიზედ მეორე კვირაა, ტურის სიმბოლურში შევიდა.

„სტად ფრანსემ“ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ „კასტრს“ უმასპინძლა და 26:7 სძლია. მელიქიძემ 57-ე წუთამდე ითამაშა, სტუმართა შორის 64-ეზე კი ლევან ჩილაჩავა გამოჩნდა.

მეოთხე საფეხურზე ლექსო ყაულაშვილის „ბორდო“ ავიდა, რომელმაც კოტე მიქაუტაძის „ბაიონს“ 23:15 მოუგო. ლექსომ 63 წუთი ითამაშა, კოტემ – 66.

მეხუთე-მეექვსე ადგილებს 38-38 ქულით „მონპელიე“ და „რასინგ-92“ ინარჩუნებენ. ეს გუნდები გასულ ტურში ერთმანეთს შეხვდნენ და საფრანგეთის ჩემპიონმა 17:12 მოიგო, ხოლო პარიზულმა კლუბმა სანუგეშო ბონუსი მიიღო. ამ უკანასკნელის რიგებში 57 წუთი გურამ გოგიჩაშვილმა ჩაატარა.

No description available.პრო დ2

პრო დ2-ის მე-16 ტურში ღირსშესანიშნავი ამბავი ის იყო, რომ მასში 25-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა! ეს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია, მაგრამ ვისურვებდით, რომ რაოდენობას ხარისხიც მოჰყოლოდა. აქ 17-ქულიანი ჰანდიკაპით „ოიონაქსი“ ლიდერობს, რომელიც კარგა ხანია ქართველების გარეშე თამაშობს.

პრემიერშიპი

ინგლისის პრემიერშიპში გიორგი კვესელაძის „გლოსტერი“ ლიდერ „სარასენსთან“ შინ  16:19 დამარცხდა და ბონუსს გამორჩა. „კვესომ“ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი მეოთხე, საპლეიოფო ადგილზეა.

იუნაიტედ რაგბი ჩემპინშიპი

დაბოლოს, იუნაიტედ რაგბი ჩემპიოშიპზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: „ლენსტერმა“ უელსში „ოსპრიზი“ 24:19 დაამარცხა, ანუ პირველობის მე-12 მატჩიც მოიგო და ლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს. ვახტანგ აბდალაძემ ირლანდიურ გრანდში 51-ე წუთიდან ითამაშა.