თუკი სერია A-ში უიღბლო გუნდს ეძებთ, ეს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეა”. მასიმილიანო ალვინის შეგირდებმა „იუვენტუსთან” შეხვედრაში თავი დადეს, ვაჟკაცურად იბრძოლეს, მიუხედავად იმისა, რომ მრისხანე მეტოქე ჰყავდათ, ყრუ დაცვაშიც არ ჩამდგარან, მაგრამ შეხვედრის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში, პოლონელმა არკადიუშ მილიკმა საჯარიმო დარტყმით გაუტანა და მთელი ჯაფა წყალში ჩაეყარათ. შედეგად, „იუვე” მეოთხე ადგილზეა, „კრემონეზე” კი მეცხრამეტეზე.
კრემონელებს სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატში ჯერაც არ მოუგიათ, მაგრამ „ბებერ ქალბატონს” არ შეუშინდნენ. ისინი სტუმრების ნახევარზე თამამ მოქმედებასაც არ ერიდებოდნენ, ერთხელ გოლი გაიტანეს, მეორედაც ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ VAR-მა და შეხვედრის არბიტრმა „იუვეს” სასარგებლოდ გადაწყვიტეს.
„ჩვენ ღიად ვითამაშეთ. „იუვენტუსის” სიძლიერეს პატივს ვცემდით, მაგრამ ჩვენს გეგმასაც მივდევდით. ვაკეთებდით იმას, რაც ვარჯიშზე მოვამზადეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შედეგის მიღმა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ „კრემო” ცოცხალი გუნდია, რომელსაც გამოკვეთილი იდეა აქვს. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ უკვე მერამდენედ მივიღეთ შედეგი, რომელსაც ბიჭები არ იმსახურებდნენ.
რაც შეეხება გოლს, რომელიც გავიტანეთ და არ ჩაგვითვალეს… აიროლდი შესანიშნავი მსაჯია, ის მომავალში იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრი გახდება. თუკი ის გოლის წინ რაიმე მიზეზით არ დაუსტვენს და თამაშს არ გააჩერებს, ესე იგი გოლი უნდა ჩაითვალოს. იმ ეპიზოდში მან დაუსტვინა, მიიჩნია, რომ თამაშის წესი დაირღვა. მე მსაჯის ეს გადაწყვეტილება შეცდომად მიმაჩნია, მაგრამ გამიზნულ ტენდენციურობად არ აღვიქვამ. დესერსმა უეჭველი გოლი გაიტანა. ის უნდა ჩათვლილიყო”.
მეორე ტაიმსი „კრემონეზემ” ორჯერ გაარტყა ბურთი „იუვნტუსის” კარის ძელს.