გთავაზობთ ვრცელ ამონარიდებს მილანური „ლა გაძეტა დელოს სპორტის” მიმოხილვიდან, რომელიც საუკუნოვანმა იტალიურმა გაზეთმა „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრას მიუძღვნა:
„ინტერმა” „ნაპოლი” დაამარცხა და სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა. ახლა „ნერაძური” ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლის” აგრეთვე მოსდევენ „მილანი”, რომელსაც ლიდერზე 5 ქულით ნაკლები აქვს და „იუვენტუსი”, რომლის ჩამორჩენაც 7 ქულას უდრის. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა ედინ ჯეკომ, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად მე-8, ხოლო სერია A-ში მეშვიდე გოლი იყო. ასეთი თამაშით ბოსნიელი სატრანსფერო სეზონის ბოლოს ნამვილად იმსახურებს კონტრაქტის განახლებას. „ინტერის” პრეზიდენტი სტივენ ჯანგი 2023 წლის უკეთეს სტარტს ვერც წარმოიდგენდა, ლუჩანო სპალეტისთვის კი იანვრის აჩრდილები გაცოცხლდნენ. იანვარი ხომ როგორც წესი მისი გუნდებისთვის ცუდი თვეა.
სიმონე ინძაგი ლიდერს მსოფლიოს ჩემპიონი ლაუტარო მარტინესის ნაცვლად „რომას” ყოფილი ფეხბურთელით, ჯეკოთი დაუპირისპირდა, მაგრამ ყველაზე მტი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ შემადგენლობაში დენზელ დამფრიზის ნაცვლად თამაშობდა მატეო დარმიანი. ეს ცვლილება აშკარად „ანტი-კვარა” ოპერაციის ნაწილი იყო, რომლის აზრიც ის გახლდათ, რომ მილან შკრინიარი ქართველთან ერთი ერთზე არ დაეტოვებინა. სპალეტიმ თავის მხრივ ათამაშა ნაავადმყოფარი ალექს მერეტი, კიმ მინ-ჯაეს დაცვის ცენტრში ამირ რაჰმანი შეუწყვილა, შემტევი დეპარტამენტი კი მატეო პოლიტანოთი შეავსო. „აძურიმ” ძალიან გაბედულად, 4-2-3-1 განლაგებით დაიწყო, სადაც ჟელინსკი უფრო შემტევი იყო ვიდრე ნამდვილი ნახევარმცველი, მაგრამ „ინტერმა” მეტოქის პრესინგი დრიბლინგითა და მოულოდნელი კონტრშეტევებით დააბალანსა. რომელუ ლუკაკუ ფრანჩესკო აჩერბის პასით მერეტის წინ აღმოჩნდა, მაგრამ სტუმრები კიმმა გადაარჩინა, ხოლო ფედერიკო დიმარკომ ბელგიელის ჩაწოდებულ ბურთს მახვილი კუთხიდან თავური დამიზნებით ვერ დაარტყა.
პირველ ტაიმში „ნაპოლის” ბურთის 65 პროცენტიანი ფლობა ჰქონდა, მაგრამ სახიფათო მომენტები ფაქტობრივად მხოლოდ მასპინძლებმა შექმნეს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო შესაძლებლობა, რომელიც დარმიანმა გაუშვა ხელიდან.
კვარაცხელია ინდომებდა, მაგრამ გარღვევის გარეშე, რადგან მას შკრინიარი და ნიკოლო ბარელა აჩერებდნენ, თუნდაც „ცუდი” მეთოდებით. ვიქტორ ოსიმენი აჩერბიმ ჩაპრესა. სპალეტისთვის კი მეტად და მეტად რთულდებოდა ლუკაკუს შეკავება, რომელმაც მიზნიდან ოდნავ მაღლა დაარტყა. შესვენებამდე შეხვედრის ბოლო საგოლე მომენტი ნეაპოლელებისა იყო, რაც მათთვის პირველი გახლდათ — ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებულ ბურთს სწორედ ვერ დაარტყა…
…შესვენების შემდეგ მატჩი კიდევ უფრო საინტერესო გახდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც რაჰმანის თვალსაწიერიდან დაკარგულმა ჯეკომ დიმარკოს ჩინებული ჩაწოდების შემდეგ თავით გახსნა ანგარიში. აძურის პასუხმა არ დაიგვიანა, კვარამ სლალომი შეასრულა და ბურთი მახვილი კუთხიდან გარედან გაარტყა ბადეს…
ანდრეა რამაძოტი, ლა გაძეტა დელო სპორტი